“იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ 1TV-ს განუცხადა, რომელიც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს.
ფოფხაძის თქმით, უმრავლესობიდან წასვლა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უმრავლესობის წევრობა არაფერს აძლევს.
“იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, რომ ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო. ხუთი წელი აქ ვიყავი და მეგონა, რაღაცაზე პოზიტიური გავლენა შემეძლო. თუ ამას ვეღარ ვხედავ, საუბარი ჩემზე აღარ არის. საუბარია იმაზე, ქვეყანა საით მიდის და უმრავლესობას რა უნდა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები რას გვთავაზობენ, ვისთან ერთადაც ბრძოლა გამოვიარე. ამ ადამიანებთან მორალური ვალდებულებები მაქვს და უნდა გავერკვეთ იმაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი საით მიდის და როგორ მიდის. თუ დავინახავ, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხების მიღების თეორიული შანსი მაინც არის, მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციაში ვიყო, თორემ, მგონია, რომ უმრავლესობის წევრობა ამ ეტაპზე არაფერს მაძლევს“, – დასძინა ფოფხაძემ.
5 აპრილს გედევან ფოფხაძე უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მისულა.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.