ბახმაროში არსებული ცუდი ინტერნეტის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამ პოსტის უფრო ადრე დადება, _ წერს სოციალურ ქსელში მეკო ანდღულაძე და ბახმაროში, სატყეოს ქუჩაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
ბახმარო ეს ის ადგილია, რომელიც ყველა გურულისთვის ერთნაირად საყვარელია. მოკლედ, ზაფხული მოახლოვდება თუ არა გურიაში ყველა _ მეზობლები, თანამშრომლები, კლასელები, მეგობრები თუ გამვლელები ერთ კითხვას სვამს: “მიდიხარ ბახმაროში?” მოკლედ, შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ბახმარო ჩვენთვის საზაფხულო წმინდა მიწაა, რომელიც წლებია უფრთხილდება ჩვენს ჯანმრთელობას და სულიერ მხნეობას, ხოდა, მოკლედ ჩვენც თურმე გამოგვიჩენია ჩვენებური მადლიერება ქართული ბუნებისთვის და არაერთი საჩუქარი დაგვიტოვებია მისთვის ნაგვის სახით.
წელს ნანახმა აღმაშფოთა და გამაკვირვა ბევრი რამის გამო:
1. ვყრით ნაგავს იქ, სადაც ვისვენებთ;
2. უფროსები შეგაქებენ თუ დაასუფთავებ, მაგრამ არ დაგეხმარებიან;
3. იმ სამსახურებს კი, რომლებმაც ეს უნდა გააკონტროლონ, აშკარად სძინავთ.
ჩვენ ორ დღიანი დასუფთავება მოვაწყვეთ, მაგრამ ჩვენი ძალები ადამიანების წლების ნაწვალევის წინააღმდეგ ამაო აღმოჩნდა.
ახლა კი, თითქმის ერთი წლით ადრე, გთხოვთ, რომ მომავალი ზაფხულისთვის გაითვალისწინეთ ბახმაროში არსებული ეს მდგომარეობა და თქვენი რამდენიმე საათი დაუთმეთ მის დასუფთავებას! _წერს სოციალურ ქსელში მეკო ანდღულაძე.