იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ იმერეთში გაზრდილია ხელფასები, პრემიები, ასევე, იმერეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილია საბიუჯეტო ბალანსზე. ადმინისტრაციის უფროსის, გოჩა გაბუნიას განმარტებით, იმერეთის მხარეში საჯარო მოხელეებს ხელფასები კი არ გაზრდიათ, ვაკანსიები შეივსო, რამაც სახელფასო ხარჯი გაზარდა. რაც შეეხება დანამატს და ჯილდოს, პრემია აღარ არსებობს, სახელფასო ფონდიდან გაცემულ თანხებს ის ადამიანები იღებდნენ, ვისაც კანონით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ, კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს, ვისაც უქმე დღეებში მოუწიათ მუშაობა.
გოჩა გაბუნიას თქმით, მართალია, ბალანსზე 13 ავტომანქანა ირიცხება, აქედან გამართულ მდგომარეობაში 9 სატრანსპორტო საშუალებაა.
ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, არ გაზრდილა საბიუჯეტო ხარჯები, ყველა ხარჯი დამტკიცებულია ასიგნირების ფარგლებში, უბრალოდ, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, მაგალითად, საწვავზე საცალო ფასის გაზრდის გამო, ხარჯიც გაიზარდა.
,,ვერ ვიტყვი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არასწორია, მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მონაცემები გადავუგზავნეთ და იქვე დავასაბუთეთ, რამ გამოიწვია ცვლილებები,”_ განაცხადა გოჩა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.