ოზურგეთის ერთ-ერთი უბანი _ ექადია, რომელიც ბჟუჟის მარცხენა სანაპიროს აღმართიან გორაკს ქვია, ერთ ცენტრალურ ქუჩას _ იმედაშვილის ქუჩას, აუყვება და როგორც აქაურები ამბობენ, “ანასეულის ჭიშკრამდე” გრძელდება.
ექადიის მცხოვრებლები, დიდი ხანია, ითხოვენ, რომ ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე გზა თანამედროვე სტანდარტით გააკეთონ, თუმცა, მათივე ნაამბობით, ხუთი წელია, ამაოდ ელოდებიან შედეგს.
_ სამი წლის წინ, როცა ითხოვდნენ გზის გაკეთებას, მოიტანეს “ვითომ ხრეში” , სინამდვილეში კი ნახევარზე მეტი ლოდები და მოასწორეს. თუმცა, არაფრით შეცვლილა _ აღმართში ფეხით ასვლაც ჭირს და მანქანითაც. დაღმართით კი შეიძლება ჩასვლა, თუმცა, უფრო ართულებს ვითარებას, რადგან, ქალაქში თუ ჩახვალ მანქანით, მერე ანასეულიდან უნდა შემოუარო, რომ შინ დაბრუნდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმართით შინ ვერ დაბრუნდები. ხომ გაგიგიათ, ანდაზა: “შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო” _ ასე გვჭირს ჩვენც, _ ამბობენ აქაურები.
მაია გურგენიძე, ექადიის უბნის მცხოვრები: _ ნახეთ, რამხელა ქვები ყრია _ ფეხსაცმელშიც კი ფეხი მტკივა სიარულისას. ხუთიოდე მეტრს რომ გავივლი, იმდენად მტკივნეულია ყოველი ფეხის დადგმა, ისევ ბალახიან კიდეებს ვეძებ გზის პირის გასწვრივ, რომ გავიარო. თუ რაიმეს ვაზვიადებ, აგერ ხართ და ნახეთ… ამის მოტანას და დაყრას, არ სჯობდა, ისევ ისე ყოფილიყო? ქალაქის ახლო უბანია ეს დასახლება, უძველესი და მნიშვნელოვანი. ექადიიდან, იმედაშვილის ქუჩის გავლით, ანასეულამდე, ტაქსი ორ ლარს გადაგახდევინებს, მეორე მხრიდან თუ წახვალ _ ხუთ ლარს. სიორიძე რომ იყო, მაშინ დაყარეს ეს ვითომ ხრეში. ყველაფერს გვპირდებოდა და მერე კი დარჩა ასე. ახლანდელმა, ეტყობა, სულ ჩაიქნია ხელი.
_ თუ მიმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომ გზა ასეთ მდგომარეობაშია და გასაკეთებელია?
_ კი იყვნენ, მგონია. დაიღალა ხალხი. არ აქვთ იმედი. აქ ბეტონის გზა უნდა გაკეთდეს, იმდენი აღმართი და მოსახვევია. სამაგიეროდ, მოკლე გზაა და ბევრი ოჯახი ცხოვრობს.
იმედაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ნოდარ სურგულაძის ოჯახთან ახლოს, გზის მარცხენა მხარეს, მეწყერული ზოლია, რომელიც აქაურთა თქმით, შარშანწინ ჩაიქცა და საკმაოდ დიდი ხრამია წარმოქმნილი. აუცილებელია ამ მონაკვეთის გამაგრება, რადგან, როგორც ჩანს, მოძრავი ქანებია და შესაძლებელია, გზის მონაკვეთი მთლიანად ჩაიქცეს და რაიმე უბედურებაც მოხდეს.
ელეონორა სურგულაძე, იმედაშვილის ქუჩის მცხოვრები:
_ მონაკვეთზე, სადაც მეწყერული წარმონაქმნია, გზის ქვეშ გადის წყალგამტარი მილი. ასე კი არ უნდა გადაეჭრათ გზა _ ეს მილები მარჯვენა მხარეს უნდა ჩაეყოლებინათ და განივად გადასულიყო დაღმართში, უფრო მყარ მონაკვეთზე. აქ კი მეწყერულ ზოლზე მიშვებულია მილი, რომელშიც წამოსული წვიმის ნიაღვარი, პირდაპირ ამ მოძრავ ქანებზე გადადის. ამის გაკეთება ჭკუათმყოფელს თავში მოუვა?! უარესად წავა ეს ჩაქცეული ზოლი და შეიძლება, ახლოს მყოფი სახლიც მიიყოლოს.
_ როცა აკეთებდნენ, რატომ არ უთხარით ეს?
_ გზის მშენებლები თავად იყვნენ. ოღონდ, თუ ეტყობა ამას აშენებული და გაკეთებული, აგერაა. იქნებ, ახლა მაინც მოგვხედონ.
_ თქვენი მეზობლები ამბობენ, რომ ახლაც არ მიგიმართავთ მერიისთვის.
_ კი იციან, გასაკეთებელი რომ არის…
_ და მაინც, თუ მიმართეთ?
_ მივალთ წერილობით და თხოვნითაც, თუ გვეშველება.
იმედაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება სჭირდებათ.
_ როცა 112-ში ვრეკავთ, დიდხანს ვუხსნით, რომ ექადიის უბანში მდებარე ამ ქუჩაზე პირდაპირ არ წამოვიდნენ _ ჯერ ავიდნენ ანასეულში, მერე მოუხვიონ და გადმოვიდნენ აქეთ. მერე, უკან როცა ბრუნდებიან, რა თქმა უნდა, აღმართში ვერ ადიან, განსაკუთრებით, თუ ღამის საათებია და ამ ქვებზე რის ვაი–ვაგლახით გადადიან ამ საშველდაუდგომელი დაღმართით, სადაც ორი ძალიან მძიმე, ორმოდ ქცეული მოსახვევია. აქ ტრაქტორსაც კი უჭირს მოხვევა და ჩასვლა, _ ამბობს აქ მცხოვრები რომან გიორგაძე.
მისი თქმით, ხშირად შუა გზამდე მისულს, მსუბუქი ავტომანქანა გაუჩერებია და ვერც წინ წასულა და ვერც უკან დაბრუნებულა, სხვისი დახმარების გარეშე:
_ ეს გზა ერთკილომეტრიანი მონაკვეთიც არ არის, თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექადიელთათვის, რომლებიც აქ, გორზე ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც ქალაქიდან ანასეულის მიმართულებით გადაადგილდება, რადგან, მანძილი ორჯერ მცირეა და კარგი გზის გაკეთების შემთხვევაში, დროსაც დაზოგავს მოქალაქე და ფულსაც. გარდა ამისა, არც წყალი გვაქვს. კი იძახიან, გაკეთდებაო, მაგრამ, როდის?! _ ამბობს რომან გიორგაძე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნული გზის შესახებ კომენტარი სთხოვა.
როგორც მერიაში გვითხრეს, გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია.
რაც შეეხება ანასეულის წყალმომარაგების პროექტს, ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის მეთვალყურეობით, გახორციელების პროცესშია: “იმედაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება ანასეულის წყალმომარაგების პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც მოხდება იმედაშვილის ქუჩის გავლით მიწისქვეშა კომუნიკაციების განთავსების შემდეგ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს“, _ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ პასუხში.