ყველასგან გამორჩეული იმით იყო, რომ ყველაზე ბოლოს იტყოდა თავის სათქმელს, ყველას დაუთმობდა გზას თუ სიტყვას… თავის საქმეს კი არავის! “როცა უსაზღვრო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, უბრალო საქმემაც კი, შეიძლება, უდიდეს ადამიანებად გამოგვაჩინოს”, _ ამ სიბრძნის გამოხატულებაა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, ინდიანა ჭანიშვილის მიერ გავლილი სამოცწლიანი შრომითი გზა.
მან, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, 1959 წელს დაიწყო საქმეთა მმართველად მუშაობა და 2019 წელს, 60-წლიანი მუშაობის სტაჟით დაემშვიდობა ოჯახადქცეული სასწავლებლის კედლებს.
ერთი შეხედვით, უბრალო და ამავე დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობადა. როცა დოკუმენტაციასთან ჰქონდა საქმე და მცირე ცდომილებას, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყოლოდა, არავის ახსოვს, მის ხელთ არსებულ საბუთებში, უზუსტობა აღმოეჩინათ. სამოცი წლის მანძილზე ერთხელაც არ მომხდარა ეს უდიდესი კონტიგენტის მქონე სკოლაში.
ამიტომ უწოდებდნენ ქალბატონ ინდიანას მეხსიერების და პასუხისმგებლობის უზადო ფენომენის მფლობელს.
მაინც რას აკეთებდა?
მარტო ის ფაქტი, რომ 60 წლის განმავლობაში ყოველ წელს ორ ენაზე ავსებდა ასამდე კურსდამთავრებულის ატესტატს, როგორც თავად იხსენებს, შავი ტუშით და კალმით, არ ახსოვს ერთი ზედმეტი წერტილი დაესვას ან მიეკლოს. ზეპირად იცოდა, სად, რომელ თაროზე თუ უჯრაში რა დოკუმენტი იდო, რომელ ბწკარზე რა ეწერა!
_ ვიდექი თუ ვიჯექი, მუდამ იმაზე ვფიქრობდი, სადმე უზუსტობა არ გამპარვოდა, უბრალოდ, წერტილიც არ მქონოდა წაშაშლელი, _ იხსენებს “ინდი გოგო”, როგორც მას ქართული ენის პედაგოგმა, მაია ღლონტმა მოფერებით შეარქვა და მერე სკოლაშიც ასე ესიყვარულებოდნენ.
_ საოცარი ის იყო, სამსახურში მოსვლამდე 5 წუთით რომ დაგვიანებოდა დათქმულ დროს მოსვლას, დარეკავდა და ითხოვდა: “ბანკში შევიარე, 5 წუთი თუ დამაგვიანება”, _ გვეტყოდა და ვიცოდით, რომ ერთი წუთითაც არ გადააშორებდა დათქმულ დროს, _ გვეუბნება ინდიანას ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, სკოლის თანამშრომელი მარინა წულაია.
_ თუ სიზუსტე იყო საჭირო და რაღაც, თუნდაც წერტილისოდენა საეჭვო იყო, ვიდრე ჩანაწერს ვნახავდით შესადარებლად, ინდიანასთვის უნდა გვეკითხა და მერე არ იყო საჭირო რაიმეს ძებნა, _ გვეუბნება სკოლის პედაგოგი იზოლდა სიხარულიძე.
რას გვიამბობს თავად ინდიანა ჭანიშვილი…
მისი თქმით, “მაღალი სკამი” არც არასდროს ეკავა, თუმცა, მოწოდებით ძალიან პუნქტუალურსა და პასუხისმგებლიანს, მუდამ სამსახურებრივი საქმის უმაღლეს დონეზე შესრულება მიაჩნდა ყველაზე მაღალ თანამდებობად.
_ 1959 წელს დავიწყე სკოლაში მუშაობა. სკოლის დირექტორმა, ელენე თავართქილაძემ მომიწვია სკოლაში სამუშაოდ. მისი მოსწავლე ვიყავი და ვახსოვდი, როგორც წარმატებული. მალე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე. მაშინ დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი არსებობდა. კარგად შევძელი, საქმესთან ერთად, სწავლა გამეგრძელებინა. მუშაობის პარალელურად დავამთავრე ინსტიტუტი. პროფილით მუშაობამ კიდევ უფრო გამომაწრთო. თავმდაბლობით არ ვამბობ, არასოდეს მიყვარდა წინა პლანზე გამოჩენა. ჩემს ოთახში, ჩემს დოკუმენტებთან, საბუთებთან ვაკეთებდი უსაყვარლეს საქმეს, ვასრულებდი ჩემს საყვარელ საქმეს. უმთავრესი საფიქრალი ის იყო, როგორმე ელენე თავართქილაძის ნდობა დიდი ერთგულებით და პასუხისმგებლობით გამემართლებინა! _ სულ ეს იყო. რვა დირექტორთან მომიწია მუშაობა. ახლანდელი დირექტორი, ფატი სიორიძე მეცხრე იყო, რომელმაც დიდი გაცილება მომიწყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე საოცარი ჩავიდინე. განა ყველა ადამიანი უსაზღვრო ერთგულებით და წესიერებით არ უნდა ასრულებდეს მინდობილ საქმეს? რამხელა სიბრძნეს, სიღრმეს, სიამაყეს, სიმაღლეს და შეუფასებელ სიმდიდრეს იტევს სიტყვები: “ნდობა”, “სანდო”… მე ჩემს სამსახურს მივუძღვენი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ახლა კი შინ ვარ. ძმისშვილები საოცრად ზრუნავენ ჩემზე. პანდემიის გამო, არ მიშვებენ ეზოს გადაღმა, თორემ ხანდახან მოვინახულებდი ჩემ უსაყვარლეს პედაგოგებს, ბავშვებს, _ სითბო და სიყვარული ხმიანობს ქალბატონ ინდიანას ხმაში და ანდერძივით ალაგებს ახალგაზრდობისთვის სათქმელს:
“მინდა ვუთხრა ჩვენს საფიცარ ახალგაზრდობას _ იყავით შრომისმოყვარე, პატიოსანი, მოკრძალებული და ერთგული საქმის კეთებისას და ადამიანებთან ურთიერთობისას! ასეთი მიდგომით ცხოვრება უბედნიერესი იქნება. კი, შეიძლება, რაღაც გაწყენინონ, გეტკინოს… ცხოვრება არაა ეკლების გარეშე, თუმცა, ათასჯერ მეტი სიკეთე დაგიბრუნდება უკან, ერთგულად გაკეთებულის სანაცვლოდ”.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე ცრემლიანი სიხარულით იხსენებს ინდიანა ჭანიშვილთან გავლილი სასკოლო ცხოვრების პერიოდს:
_ ეს იყო, როგორც იტყვიან, ნამდვილი აკადემიური, უღალატო, ფუტკარივით მშრომელი მუშაკი, რომელსაც ანდობდი არათუ სკოლას თავის საბუთებით, არამედ სიცოცხლეს! მახსოვს, მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი. მაშინებდა დიდი და სახელოვანი ტრადიციის მქონე სკოლაში მუშაობა. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. ქალბატონმა ინდიმ შემატყო ეს ყველაფერი, ხელი ხელზე მომკიდა და ორიოდე სიტყვით მითხრა: “ნუ გეშინია, შენ ყველაფერს შეძლებ!” სტიმული მომცა… მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ყოველდღე მისგან რაღაცა ახალს ვსწავლობდი და როცა ასაკში შევიდა და წასვლა დააპირა, ვცდილობდი, ყოველი დღით გადამედო და გამეხანგრძლივებინა მისი წასვლა. მინდა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. მისი ნიშაა ცოცხალი, მოძრავი ენციკლოპედია. უზუსტესი მეხსიერება… დღეს კომპიუტერს შეცვლიდა, ლამის… _ ამბობს ფატი სიორიძე.
_ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. მოვიდა ერთი ახალგაზრდა და შეწუხებულმა ითხოვა, ატესტატი დავკარგე, ახალის აღება მინდა, დამეხმარეთო. ინდიანა დააკვირდა და … ” ვიცი, ვიცი… შენ ამა და ამ კლასში, იმის გვერდით იჯექი… ვიცი, სად დევს დოკუმენტაცია, ახლავე ვნახავო”, _ იხსენებენ სკოლაში.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სკოლის კურსდამთავრებულთა, უამრავი თაობის უკიდეგანო სიყვარული არ მოდის უცებ და შემთხვევით… თითქმის, ყველას სათქმელს ამბობს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ინდიანა ჭანიშვილს საგანგებო მოკითხვას უთვლის:
“დედაჩემის მეგობარი იყო, ჩვენთვის მუდამ დედასავით საყვარელი… მის წინაშე, მუდამ ისე მოწიწებით და სიყვარულით უნდა მდგარიყავი, როგორც მშობლის წინაშე. დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო… ვეფერები ყველა თაობის სახელით…”
როგორც ვთქვით, დიდი ხანი არ არის, რაც ქალბატონი ინდიანა ჭანიშვილი სკოლიდან გააცილეს. სკოლის დირექტორი, მასწავლებლები არასდროს ივიწყებენ, მით უფრო, დაბადების დღეზე.
“ჩვენი სკოლის კოლორიტი, ყურადღებიანი, თბილი, კეთილი, საღად მოაზროვნე, ცოცხალი ენციკლოპედია… ახლახან 83 წლის გახდა. ვულოცავთ, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ,” _ ამბობს სკოლის პედაგოგი მაია ღლონტი და იხსენებს:
“ოო, ჩვენი ინდი-გოგო, ჩვენი სკოლის აკადემიური სახე, კრისტალური ადამიანი, საუცხოო კადრი… მან ხომ მუდამ ყველაფერი იცოდა და იცის დღესაც. საოცარი ადამიანია. არავის დატოვებდა უყურადღებოდ. ერთი ხუმრობაც იყო გავრცელებული ოზურგეთში. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა: “ჯერ არ დაკრძალოთ, ინდიანა მოვა აუცილებლადო” _ ამბობდნენ. ჩვენი “ინდი გოგო” ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას სიზუსტის, სანდოობის სიმბოლოდ შემორჩება. მინდა, დიდხანს ჯანმრთელად სიცოცხლე ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანს, სკოლის ცოცხალ მემატიანეს”.
“გურია ნიუსი” დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერ დღეებს უსურვებს სამაგალითო ქალბატონს, რომელმაც თავის სახელს, თავისივე დამსახურებით, სახალხო სიყვარული არშიასავით შემოავლო.