ინდოეთში პოლიცია კარანტინის რეჟიმის დამრღვევ ადამიანების მიმართ უკიდურეს ძალას იყენებს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ ვიზუალურ მასალებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიცია ხელკეტებს იმ პირებს, ვინც სახლიდან გამოსვლის აკრძალვას არღვევენ.
24 მარტს ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში 21 დღიანი მკაცრი იზოლირების რეჟიმი დააწესა. შეზღუდვები 25 მარტიდან ამოქმედდა.
ქვეყანაში ჩაიკეტა რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები.
ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
,,ინდოეთის გადასარჩენად, მისი ყველა მოქალაქის გადასარჩენად, თქვენი და თქვენი ოჯახების გადასარჩენად ყველა ქუჩა, ყველა უბანი იკეტება”, – განაცხადა მოდიმ სატელევიზიო მიმართვისას
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 476 შემთხვევა დაფიქსირდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.