ინციდენტი მოხდა სვერის 43-ე საარჩევნო უბანზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, დავით ჭუმბურიძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, მათ წარმომადგენელს არ მისცეს უბანზე ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, რასაც თავმჯდომარესა და დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს შორის კამათი მოჰყვა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა კამერის შტატივი.
დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი ინციდენტზე საჩივრის დაწერას გეგმავს.
მომხდარზე ინფორმაცია აქვს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. მამუკა სამხარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საჩივარი უბანზე არ არის დაწერილი და საოლქო ვითარებაში ადგილზე გაერკვევა.
„კამერა, რისგან დაზიანდა, ამის თქმა გამიჭირდება. ვესაუბრე 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და როგორც მან მომაწოდა ინფორმაცია, არავის დაუშლია ვიდეოგადაღება. თუმცა გარკვეული შელაპარაკება იქ მოხდა. კამერა იყო შეერთებული დენის წყაროში და ამის მერე რა მოხდა, ძნელია ამის თქმა. კამერა არაა დაზიანებული, დაზიანებულია კამერის სადგამი. როგორც თავად ამბობენ, საჩივარს დაწერენ და ამის შემდეგ დეტალურად გავერკვევით”,- განაცხადა #56 ოლქის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ.