ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქართველი მწერლების ზღაპრების კრებული _ „იყო ერთი გოგო“ _ წარადგინა. შეხვედრაზე კრებულის ერთ-ერთმა ავტორმა, პოეტმა პაატა შამუგიამ სკოლის მეექვსეკლასელებს მის მიერ დაწერილი ზღაპარი წაუკითხა.
თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული _ „იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან, როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, წმინდა ნინო, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე და სხვები. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. პაატა შამუგიას ზღაპრის მთავარი გმირი თამარ მეფეა.
პაატა შამუგია: „იყო ერთი გოგო” არის ზღაპრების ნაკრები, რომელიც თანამედროვე ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა გააკეთეს. ეს გახლავთ თანამედროვე ზღაპრები ისტორიული პიროვნებების შესახებ. პროექტის მიზანი იყო, ისტორიული ქალების შესახებ დაწერილიყო ზღაპრები. კრებულში შესული ზღაპრების პერსონაჟები არიან ის ქალები, რომლებიც საქართველოსთვის იღვწოდნენ და ჩვენი ისტორია დადებითი კუთხით შეცვალეს. ასეთი ქალი საქართველოს სიტორიაში ძალიან ბევრია“.
შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. იგი პროექტის _ „ერთად დავძლიოთ ქალ თა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.