ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის დეპუტატებს მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზარტული თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა სოციალურად დაუცველი ფენა, რომელიც ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიასა და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, რისი შეცვლაც აუცილებელია.
„მინდა, პარლამენტს და თითოეულ დეპუტატს მადლობა გადავუხადო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომელიც აზარტულ თამაშებს არეგულირებს. ინიციატივა ბოლომდე მივიყვანეთ და ეს კანონი მივიღეთ. ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ 25 წლამდე და ეს იყო ყველაზე კრიტიკული იმიტომ, რომ ახალგაზრდები ლუდომანიისა და აზარტული თამაშების მანკიერ მხარეებს სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ. ამ თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა და გაღატაკდა ვინ?! ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენა, ისევ ღარიბები. წარმოიდგინეთ, ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება აი ამ გაუგებარ აზარტულ თამაშებში, ონლაინ კაზინოები მაქვს მხედველობაში. ეს ხომ კატასტროფა და დანაშაულია?! რა თქმა უნდა უკეთესია, რომ ეს მილიარდ ნახევარი თავიანთი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, პირადი კომფორტისთვის გამოიყენონ და აი ამ გადაწყვეტილებას დავეხმარეთ. ეს ფენა უფრო ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიასა და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, ეს უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ეს ადამიანები უნდა ჩავრთოთ სამუშაო ადგილების შექმნაში, სპორტი და სხვა ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.