„ირაკლი ღარიბაშვილი რანაირად უნდა იყოს პარტიის გამაერთიანებელი, გაუგებარია. მისი და პარტიის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. პირიქით, ყველაფერი ინგრევა და ღარიბაშვილს ქვეყნის ნგრევის პროცესის შეჩერება კი არა, დაჩქარება შეუძლია.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აბსურდის თეატრს ემსგავსება. ხელისუფლების შეცდომების ძალიან გრძელ სიასთან გვაქვს საქმე. ამ ხელისუფლების სისტემური წარმატება საერთოდ არ ვიცი რა არის. ფაქტია, ღარიბაშვილის დაბრუნება დეგრადაციის პროცესს ვერ აჩერებს, რადგან პრობლემა პერსონალიებში კი არ არის , პრობლემაა სისტემურ მანკიერებაშია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს ექსპერტი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადების შესახებ, რომელშიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ შს მინისტრისგან შანტაჟის შემცველი წერილი მიიღო. მისი თქმით, აღნიშნულ ბრალდებაზე გიორგი გახარიას პასუხი არაგულწრფელი იყო.
„გახარიას კომენტარი არაგულწრფელი იყო. შს მინისტრს იმიტირება უნდოდა, რომ აღნიშნული ბრალდება მეორე ხარისხოვნად წარმოედგინა, რაც ძალიან ცუდად გამოუვიდა. მან წერილის შესახებ კითხვას ირიბად უპასუხა, რაც ეჭვებს აძლიერებს იმის შესახებ, რომ ამ საქმეში გიორგი გახარია სუფთა არ არის“,_ აღნიშნა ხუხაშვილმა.