საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ძალიან საინტერესო რამეს აღმოაჩენ. სწორედ ასეთი აღმოჩენაა ჩემთვის ირაკლი მახარაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
წინ, წილად მხვდა პატივი “მხატვრისა და მაწანწალის” სეანსს დავსწრებოდი “მომა თბილისში”, სადაც ახალგაზრდულ სტუდია “პიონერფილმში” თავად რეჟისორს შევხვდით. გაცოცხლებული ნახატების, ვიდეო-არტისა და ე.წ. “სასწავლო-კინოს” , ანუ დოკუმენტურ-შემეცნებითი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სინთეზით შეკრულმა ფილმმა ადვილად მოხიბლა და მოიგო ყველა ასაკის მაყურებელთა გული. ეს იყო ფილმი, რომელიც ეხებოდა თანამედროვე დიდი ქართველი შემოქმედის, ზურაბ წერეთლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, კონკრეტულად კი მისეულ კონცეფციას გენიოსი ჩარლი ჩაპლინის შესახებ.
ფილმის სათაური საკმაოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო ,,მხატვარი და მაწანწალა”, ანუ ზურაბ წერეთელი და ჩარლი ჩაპლინი. ის სულ რაღაც ოცდასამწუთიანი აღმოჩნდა, თუმცა როგორც შემდეგ ვნახე, საკმაოდ კომპაქტურად იყო ინფორმაცია და შინაარსი ჩატეული ამ ქრონომეტრაჟში.
ეს გახლავთ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმი, რომელიც ერთგვარად შეიძლება “ვიდეო-არტადაც” და “სასწავლო კინოდაც” კი მივიჩნიოთ. ჩვენებას ბევრი ბავშვი ესწრებოდა და ეს იყო ერთგვარი შემეცნებითი ლექცია, სადაც მათ ინფორმაცია მიეწოდათ ბატონი ზურაბისა და მისი შემოქმედების შესახებ და ამასთან, გაეცნენ კინემატოგრაფიის თანამედროვე სტილს, რომლითაც ეს ფილმი იყო შექმნილი. ეს ერთგვარი მრავალმხრივი პროცესი იყო ცნობიერების ამაღლებისა.
ვიზუალური და უშუალოდ თხრობითი, კახა თოლორდავას მიერ გახმოვანებული ნარატივით, სიუჟეტი აცოცხლებს ფილმის მთავარ მოქმედ გმირს – წერეთლისეულ ჩარლის, რომელსაც ქართული, შეფაკლული ღაწვები აქვს და კინტოსნაირი შარვალი აცვია. მაწანწალა დაიარება მუზეუმში, სადაც ქართველი ხელოვანის სხვა ნამუშევრებს ეცნობა, აკვირდება, ათვალიერებს მათ, ესალმება, უღიმის, სხვა ნახატებიც ცოცხლდებიან – ჯამბაზები ცეკვავენ, ხტუნავენ, კინტოები უკრავენ, მღერიან “ქსოვრელების” მუსიკაზე. საქართველოში “მოგზაურობის” შემდეგ კი იგი უბრუნდება თავის “ჩარჩოს” მუზეუმში, წერეთლის სხვა ქმნილებების გვერდით.
ეს მოქმედებები კი თან ახლავს იმ ისტორიას, რომელიც, როგორც ინგლისურად ამბობენ, ამ ყველაფრის უკან მდგომ “მასტერმაინდს” (MasterMind) – ანუ ,,მასტერგონებას” ეხება – თავად ზურაბ წერეთელს, რომლის ისტორია და შემოქმედებაა მოყოლილი ამ ფილმში.
კინოსურათი გვამოგზაურებს ხელოვანის ბავშვობაში, მის ადრეულ ცნობიერებაში; ეროვნული არქივიდან მოძიებული კადრების დახმარებით ვეცნობით იმ მოვლენებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს მისი შემოქმედებისა და ესთეტიკის ჩამოყალიბებაზე. ნამუშევართა ახლო, დეტალური დაკვირვება, ანუ “close-up”, გვიხსნის მისი ნამუშევრების შინაარსს – ნოსტალიური, მელანქოლიური ცირკი, ლამაზი ფორმებით გამოყვანილი ქართველი მანდილოსნები, ბომბორას- სახიანი ბავშვები…
ფილმში აქცენტი ზურაბ წერეთლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, მდიდარ კულტურულ სამყაროზე კეთდება. ჩარლის პერსონაჟიც სწორედ ამის სიმბოლოა – ზურაბ წერეთლისეული აღქმა ჩარლისა, ჩარლის “ჩამოყვანა” საქართველოში და მისი “გაქართველება” არის მისეული კონცეფცია კულტურათა თანხვედრისა, შერწყმისა. ამის ერთ-ერთი ღიმილისმომგვრელი მაგალითი ფილმში არის “ქსოვრელების” მიერ შესრულებული “ბრინდიზი” ვერდის “ტრავიატადან”.
რა თქმა უნდა, ყურადღება ზურაბ წერეთლის სკულპტურულ შემოქმედებასაც დაეთმო – ძალიან კარგად იყო აღწერილი ბატონ ზურაბის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ქანდაკებათა პალიტრა, რომლებიც არაერთ ქვეყანას ამშვენებენ, ერთ-ერთი მათგანი შორეულ პუერტო რიკოშიც კი დგას.
გაცოცხლებული ნახატები და ანიმაცია, ეჭვგარეშეა, ფილმის მთავარი ძალიან შთამბეჭდავი სამკაული იყო, რაზეც კოკა კაპანაძემ და ხათუნა ტატუაშვილმა იმუშავეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავად ხელოვანის დოკუმენტური კადრებიც ახლდა – თუ როგორ დგას იგი უზარმაზარი ქანდაკების ქვეშ, როგორ ხატავს ერთ-ერთ ჩარლის, როგორ აძლევს სიცოცხლეს გვირილებს. ძალიან საინტერესო იყო თავად ჩარლის შვილთან – ჯერალდინა ჩაპლინთან შეხვედრის ეპიზოდი, თუ როგორ გააცნო ბატონმა ზურაბმა დიდი გენიოსის შთამომავალს საკუთარი ნამუშევრები და ერთ-ერთი ქანდაკება უსახსოვრა კიდეც (მე პირადად ძალიან გამეხარდა, ეს რომ გავიგე და ვნახე – ვფიქრობდი, რა დასანანი იქნებოდა, რომ ჩარლის შთამომავლობას ინფორმაციის დონეზე მაინც რომ არ სცოდნოდა ამ ყველაფერის შესახებ-მეთქი…)
მთლიანობაში კი “მხატვარი და მაწანწალა” საკმაოდ საინტერესო და ადვილი საყურებელი გამოვიდა, რომელიც დარბაზში მყოფ ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე აუდიტორიას მოეწონა. რა თქმა უნდა, სტუდიელებმა ავტორს ჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და წარმატებები ვუსურვეთ მომავალი პროექტებისთვის.
დასასრულს კი, როგორც დასაწყისში ვახსენე, ფილმმა ზურაბ წერეთლის შემოქმედების გაცნობის და ხილვის სურვილი უფრო მეტად გამიღვივა და შევეცდები, მაქსიმალურად სწრაფად ვეწვიო ამ მუზეუმს ახლო მომავალში, რათა პირადად შევიგრძნო და ვიმოგზაურო იმ სამყაროში, რომელიც ბატონი ირაკლისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილმა “მხატვარმა და მაწანწალამ” გამაცნო.
ამ ფილმმა დამაინტერესა, რომ რეჟისორის სხვა ნამუშევრებიც მენახა და უკეთ გამეცნო მისი შემოქმედებითი ესთეტიკა.
ჩემი ყურადღების ქვეშ მოექცა მისი კინოსურათები ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ – შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე, ასევე ფილმი “სახლი ლხინისა” – ფიროსმანის დროინდელი კოლორიტული თბილისის შესახებ.
ირაკლი მახარაძე, უპირველეს ყოვლისა, დიდი პატრიოტია და თავის შემოქმედებაში სწორედ თავისი სახელოვანი თანამემამულეებისადმი პატივისცემას, სიყვარულს და აღფრთოვანებას გამოხატავს, აღსანიშნავია, რომ იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენიებს და აღწერს გურული წარმომავლობის მქონე მოღვაწეებს. მისი შემოქმედებაც, სწორედ, დოკუმენტური სახისაა – იგი შეძლებისდაგვარად სიღრმისეულად იკვლევს ამ პიროვნებათა ბიოგრაფიას და შემოქმედების შინაარსს; ნამუშევართა განხილვით და მათ დეტალებში ჩაღრმავებით, ასე ვთქვათ, “close-up”-ით კი ერთგვარ ლექციასაც კი გვაწვდის ხელოვნების თემაზე.
მას დოკუმენტალისტიკა ანიმაციურ სტილში ჰყავს გადაყვანილი – გრაფიკა და ორგანზომილებიანი (2D) სამყარო ციფრულ, (3D) სამყაროსთან აქვს შერწყმული, რითაც იგი კიდევ უფრო ამდიდრებს და საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს.
ქრონოლოგიურად, “სახლი ლხინისა” დანარჩენ ორთან შედარებით უფრო ადრეა გადაღებული. იგი ვასო ჩაჩანიძის მოგონებებს ეყრდნობა. როგორც ზემოთ ვახსენე, ის ფიროსმანისდროინდელი თბილისის კოლორიტულ ცხოვრებასა და გამორჩეულ კოლორიტულ პიროვნებებზე მოგვითხრობს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დროინდელ შავ-თეთრ ფოტოებში ნიკალას ნამუშევრებია შერეული, ხოლო “სტოპ-მოუშენით” ამოძრავებული ეპიზოდები აცოცხლებს ამ ფოტოებზე ასახულ მოქმედებას. გივი სიხარულიძის წამყვანობით, “უშუალო” მონაწილეობითა და ნარატივით ჩვენ გადავდივართ და ვმოგზაურობთ მულტიკულტურულ თბილისში, ვხვდებით რამდენიმე ცნობილ თბილისელს, მათ შორის ნიკალასა და მფრინავს ბესარიონ ქებურიას. ნოსტალგიითა და მელანქოლიით გაჯერებული ფილმი სითბოთი ავსებს მაყურებელს და უტოვებს სურვილს, რომ წარსულში ერთი დღით მაინც იმოგზაუროს ასეთ თბილისში და გახდეს ყველა ამ მოვლენის მოწმე – როგორი შიშითა და ტერორით უმზერდნენ თბილისელები “ეშმაკისეულ” ტრამვაის, როგორ დაიარებოდნენ ამაყი კინტოები ქუჩებში, როგორი მორალურ-ეთიკური კოდექსები სუფევდა ქალაქში და რას ნიშნავდა ნამდვილი თბილისელობა…
ცნობილი ქართველი მოღაწეებისადმი, განსაკუთრებით კი მხატვრებისადმი მიძღვნილი ნამუშევრები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმას, თუ რამდენი ცხოვრებისეული სისასტიკის გადატანა მოუხდათ ამ ადამიანებს სიცოცხლის განმავლობაში. ჩვეული “ვიდეო-არტის”, “სტოპ-მოუშენისა” და სხვადასხვაგანზომილებებიანი სამყაროების შერწყმით ( რაც უფრო ინტერაქტიულს, ადვილ და სასიამოვნო საყურებელს ხდის, თან ქრონომეტრაჟიც არაა დიდი და ამით, ის უფრო მისაღებია ნებისმიერი ასაკის მქონე მაყურებლისთვის) ვეცნობით და ვუღრმავდებით ამ დიდ მოღვაწეთა ცხოვრებას.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული “რეჟისორული თვისება” ბატონი ირაკლისა არის ის, რომ მას საინტერესოდ აქვს გააზრებული ფილმის მუსიკალური შინაარსიც, რადგან საინტერესოდ უხამებს საჭირო მუსიკას ფილმის თითოეულ ეპიზოდს, იქნება ეს ქართული თუ უცხოური კომპოზიტორის ნამუშევარი.
ამდენად ჩვენ უფრო მეტად შევიგრძნობთ შალვა ქიქოძის უზომოდ თბილ წერილს ბებიასადმი, მისი პეტერბურგული პერიოდის ნამუშევართა სიბობოქრეს, ეროტიკას, საინტერესო შარჟებს; დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრების ბობოქარ დეტალებს…
ამასწინათ დავფიქრდი, რომ ქართველები, ღვთის წყალობით, ნიჭიერებას არასდროს ვუჩივოდით და ირაკლი მახარაძის ამ კონკრეტულმა ნამუშევრებმაც ამაში დამარწმუნეს და ერთგვარად გულიც კი დამწდა, რადგან უმეტესი მათგანი დღემდე მაინც არაა კარგად ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებისთვის. (ამან კი ერთგვარად მცირედი იდეა გაანათა ჩემს გონებაში, რომ ასეთი ნამუშევრები თვიურად მაინც, დამატებით აუდიო-ვიზუალური მასალის სახით მიეწოდოს სასწავლო დაწესებულებებში, რაც მრავალმხრივ სასარგებლო იქნება მოსწავლეთათვის, თუნდაც თეატრალურისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის).
რომ შევაჯამოთ, ჩემთვის ირაკლი მახარაძის შემოქმედება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა – საინტერესო ფორმატით გაკეთებული ფილმები დიდ ინფორმაციულ და შემოქმედებით წყაროს წარმოადგენს არა მარტო კინო სფეროში და ვფიქრობ, რომ ძალიან პოტენციური და იმედისმომცემი იქნება, რომ მის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ერთგვარად გაგრძელება და განვითარება ჰპოვოს ქართულ კომერციულ კინოსა და ანიმაციაში.
ეთერ ფარჩუკიძე