საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 25 ივნისს, უწყებამ მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, _ აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის, “შაბათის კურიერი”-ს ინფორმაციით ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით „კურიერს“ წერილს უგზავნის. წერილი მატროსოვის ციხიდან, პატიმარ ირაკლი ფირცხალავას ხელმოწერით, 15 ივნისით თარიღდება.
ირაკლი ფირცხალავა წერილში პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის შესახებ საუბრობს. უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომ “ციანიდის საქმეც” ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა.