„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა ერაყსა და სირიაში, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა 11 თვიანი დუმილის შემდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში აცხადებენ ჩანაწერის შესწავლა მიმდინარეობს.
CNN წერს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ კოალიციაში ამბობენ, რომ ჩანაწერის შესახებ არაფერი იციან, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ჩანაწერის მიხედვით შეეცდებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ადგილსამყოფელის დადგენას.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერი შესაძლოა ახალი არ იყოს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბირთვულ მუქარაზე საუბრობს, ასევე თურქეთის და ირანის მცდელობაზე დაამყარონ სირიაში მშვიდობა.
როგორც ცნობილია, ჩანაწერში ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დასცინის, ჯიჰადისტებს კი მოუწოდებს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
ის ასევე მოუწოდებს მათ, რომ თავს დაესხან მსოფლიოს.
„ამერიკა, ევროპა და რუსეთი ტერორში ცხოვრობენ“,_ამბობს ის.
ბაღდადის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაძაბულობა აწუხებს, სირიაზე კონტროლი კი რუსეთს აქვს ხელში აღებული.
ის ასევე ისლამური სახელმწიფოს ლიდერს, აბუ მუჰამედ ალ-ადნანს ახსენებს, რომელიც ამბობდა, რომ ტერიტორიის მფლობელობა უფრო ნაკლებს ნიშნავს, ვიდრე ომი.
როგორც ცნობილია, ადნანი 2016 წელს მოკლეს.
ბაღდადი ასევე ამბობს, რომ წინასწარმეტყველს არ უთქვამს თუ როდის გაიმარჯვებს ისლამი, მაგრამ „გამარჯვება ან დამარცხება დამოკიდებულია ტერიტორიების დაკარგვასა და მორწმუნეების დაღუპვაზე“.