დღეს, ჩოხატაურში სტუმრად იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია ქართველი და ებრაელი ხალხისთვის, რადგან ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 70 წლისთავს ზეიმობენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „მაშავს“ 60 წელი შეუსრულდა, მაშავის შვილობილი „შალომ კლუბის“ დაარსებიდან კი 15 წელი გავიდა.
ელჩის პატივსაცემად გამართული საღამო ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.
„ყველაფერი ასე დაიწყო 15 წლის წინ _ ისრაელის დროშა ვერ იშოვეს, თეთრი ნაჭრისგან დროშა შეკერეს, ლურჯი საღებავით დავითის ვარსკვლავი დაახატეს. მერე ხანუქას დღესასწაული მიულოცეს ებრაელ ხალხს, შემდეგ ფული შეაგროვეს და მის მსოფლიოს რეგიონულ ტურნირზე გასამგზავრებლად ჩოხატაურელი გოგონა შემოსეს და კონკურსზე გააგზავნეს“, _ გვიყვება საღამოს წამყვანი და სცენაზე იწვევს „შალომ კლუბ გურიას“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავის“ კურსდამთავრებულს, ზაურ ოსეფაიშვილს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს სტუმრობისთვის და ისრაელისა და „შალომ კლუბ გურიას“ 15-წლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
თავის მხრივ, ელჩმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა მასპინძლებს.
„ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, მადლობას ვუხდი „შალომ კლუბ გურიას“ დამფუძნებელს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ელჩი“, _ თქვა შაბთაი ცურმა.
საღამოში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც სკოლაში,ოტა ხნის წინ გამართულ ხალხთა შორის მეგობრობის ფესტივალზე ისრაელის კულტურა წარმოაჩინეს.
აღნიშნულ საღამოში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, „შალომ კლუბ გურიას“ წევრმა კონსტანტინე თავართქილაძემ და ვარდო თოდრიას სახელობის ანსამბლმა “ნართმა“.