ისრაელში, აღდგომას წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება, _ ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა, კორონავირუსის გამო, შეზღუდვები იმოქმედებს.
ვნების კვირის განმავლობაში, იერუსალიმში სხვადასხვა ეკლესია სადღესასწაულო ცერემონიალსა და წირვებს ატარებს, რომელიც კათოლიკეებისთვის იწყება 5 აპრილს, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, კოპტური, სირიის კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის – 12 აპრილს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცერემონია წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალია, რომელიც 18 აპრილის ღამეს უნდა გაიმართოს.
წყაროს განცხადებით, ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას, შესაძლოა, განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.
სავარაუდოდ, მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.
სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.