ბიძინა ივანიშვილმა პრაიმშოუში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” გუნდი დაპირების ვერ შეუსრულებლობას განიცდის და აღნიშნავს, რომ მართალია, სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა, მაგრამ მას არ ახსენდება არცერთი სერიოზული დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა 7 წლის განმავლობაში გასცა და არ შეასრულა.
„ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გვქონია, მაგრამ ჩემგან მსგავსი განცხადების გაკეთება არასწორი იქნება, რადგან სწორედ ჩემი გაკეთებული განცხადება გახდა საფუძველი დღევანდელი ხმაურისა. თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამას დაეთანხმა და ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება და არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ასე შეიძლება დავარქვათ, იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა ოცი ივნისის მოვლენებს. გუნდში მე მივედი ინიციატივით რომ 2020 წლისთვის გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, გავაკეთეთ განცხადება. მაჟორიტარების ნაწილის დამოკიდებულება თავშივე იყო ცნობილი. ცნობილი იყო მაშინაც ,როცა 2024 წელი ჩაიწერა კონსტიტუციური ცვლილების თარიღად, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღწევა, მიუხედავად ერთეულების წინააღმდეგობისა და სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა დაზიანდა გუნდი და მე ყოველთვის ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს და ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი განიცდის, როცა საკუთარ სიტყვას ვერ ასრულებს. ჩვენ მუდამ ცილს გვწამებდნენ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ. არცერთი დაპირება არ მახსოვს, რომ გვეთქვა და არ შეგვესრულებინა. ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, რომ შევძლო. სამწუხარო რეალობაა რომ მოხდა. გუნდში ყველა განიცდის, ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ” გასცა დაპირება და ვერ შეასრულა”,_ამბობს ივანიშვილი.