„იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული პროდუქტის მიწოდება იზღუდება, სურსათზე ფასი მატულობს. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის ხორბალი, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო ფაქტორებს ანგარიში უნდა გავუწიოთ“, _აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ პურზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, „ასეთ მოვლენას ეკონომისტები ეძახიან იმპორტირებულ ინფლაციას, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში აგრარული პოლიტიკა სწორად უნდა განხორციელდეს.
ცალკე თემაა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენება. ამ შემთხვევაში, ვეთანხმები პრემირ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომ აღნიშნული საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. როგორც ეკონომისტმა, მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი დასახელების კვების პროდუქტებზე, რომელიც თავისი ბუნებით სტრატეგიულია, სახელმწიფოს დამოკიდებულება პრიორიტეტული უნდა იყოს“, _ აღნიშნა პაპავამ.
პაპავას თქმით, პროდუქტებზე, მათ შორის, პურზე ფასთა ცვლილების პროგნოზირება რთულია.
„პროდუქტზე ფასის ცვლილების პროგნოზი აბსოლუტური უმადურობაა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გლობალური საკითხი, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის“, _ განაცხადა პაპავამ.
კითხვაზე _ საჭიროა თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში პერსონალური ცვლილებები, მათ შორის, სამთავრობო დონეზე ? _პაპავა გვპასუხობს, რომ მმართველი პარტიისთვის საკადრო პოლიტიკის განხორციელება, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდში, აუცილებელია.
„თუ ბატონმა ბიძინამ პრინციპულად არ შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა, რაც შესაბამის საკადრო ცვლილებებსაც გულისხმობს, ის საკუთარ დაპირებებს ვერ განახორციელებს. ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ვალები გაანულა, არ არის საკმარისი. პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება, ახალი ხედვებისა და ახლებური პოლიტიკის განხორციელებაა საჭირო. ვინც არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი კვალიფიციური ეკონომისტების გარეშე ქვეყნის განვითარება ვერ მოხერხდება“, _აღნიშნა პაპავამ.