ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით პირველად უნდა წარგდეს, თუმცა, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ აღიარებს.
„არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.