ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში სამ მილიარდამდე აქვს ჩადებული. მას ბევრი კეთილი საქმე პოლიტიკაში მოსვლამდეც უკეთებია. ის ვერსია, რომ ივანიშვილმა სოფელ ხიბულაში დაპირებები ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გადადგა, მეტისმეტად გამარტივებული ვერსიაა. ივანიშვილს ხალხზე ზრუნვა ისედაც სჩვევია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. იგი სოფელ ხიბულაში „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებას, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაზიფიცირებასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და ასევე, საბავშვო ბაღის აშენებას დაჰპირდა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მაშინ აქტიურდება, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსი იზრდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელი არის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. ჩვენ კარგად ვნახეთ, როდის გააქტიურდა ივანიშვილი, მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შანსი გაიზარდა, ახლა ზუგდიდში იგივე მოცემულობაა“, _ აღნიშნა პოლიტოლოგმა.