პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა, უწყება არ ადასტურებს, _ ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინკების შერჩევის პროცესი გრძელდება.
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ კლინიკებთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროება მოითხოვა, რომელთანაც უწყება კონტაქტობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ კლინიკის შერჩევის პრეროგატივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიგდო ხელში. ცირა ჯავახიშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს გერმანულმა კლინიკამ დაჭრილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება”, _ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა დღემდე მძიმეა.