,,ქართველი ფეხბურთელისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა და ეს ტურინის „იუვენტუსია“, _ ამის შესახებ იტალიური გამოცემა Juventusnews24 წერს.
როგორც გამოცემა წერს, ,,ბებერი ქალბატონი“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მისი ერთ-ერთი სამიზნე ყაზანელთა 20 წლის შემტევი გახლავთ.
გამოცემისვე ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.
„ჩვენ გავიგეთ, რომ იუვენტუსს 2001 წელს დაბადებული ნახევარმცველისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აშკარა უპირატესობა აქვს. ბიანკონერი კვარაცხელიას სანაცვლოდ რუსულ კლუბს 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ჩვენი აზრით, ხვიჩას რუსეთის პრემიერ ლიგის MVP-დ დაასახელებენ და იგი 2020 წლის საუკეთესო ქართველი მოთამაშე გახლავთ. ამასთან, იგი იუვენტუსის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება“, – წერს Juventusnews24.
„რუბინის“ შემტევის სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთი იტალიური გამოცემა, ilgazzettino საუბრობს და იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიას გადაბირებასთან ერთ ნაბიჯში დარჩა
„მისი გვარის გამოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ იგი ნამდვილი ტალანტი გახლავთ და იუვენტუსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დასრულება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. იგი ორივე ფეხით კარგად თამაშობს და როგორც გარემარბის, ისე ფლეიმეიქერის ფუნქციების შეთავსება შეუძლია. მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, თბილისის დინამოში შედგა და იგი შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, რომელიც იუვენტუსის რიგებში იასპარეზებს“. – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩას მომავალზე კახა კალაძემ ილაპარაკა. „მილანის“ ექს-ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კვარაცხელიას თაობაზე „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დაუკავშირდნენ. „რუბინის“ თავკაცი, ლეონიდ სლუცკი კი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი კარიერას ევროპის წამყვან კლუბში გააგრძელებს.