შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს.
როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება.
„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს – ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები“, – მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს.
მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.
„კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.