სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ოპონენტების მხრიდან არის შეურაცხმყოფელი.
„დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წინასაარჩევნო აქტივობა და მხარდაჭერის კამპანიის ნაწილია, როდესაც მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიკრიბებით და მხარს ვუჭერთ ჩვენს რჩეულ კანდიდატს, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას ნაკლებად. ასეთი არჩევანის გაკეთებისას მთავარია, ვიყოთ გულწრფელი და მართალი იყო საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან. ზუსტად უნდა იცოდე, რომ არსებულ ვითარებაში შენ აკეთებ საუკეთესო არჩევანს შენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორია ოპონენტების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, სალომეს მიმართ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მიმართ და ეს ყველაფერი არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ მთაზე მაღლა უნდა დავდგეთ და შევცვალოთ არსებული რეალობა. ის ადამიანებიც კი, გრძელვადიანი პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, რომ სხვა მხარეზე დგას, უნდა ვეცადოთ და გავაერთანოთ. ჩვენ ყველაზე მეტად, რაც დღეს გვჭირდება ქვეყანაში, არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კონსოლიდაციით მოვახერხებთ ამას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
]დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი. „ქალბატონ სალომეს მხარდაჭერით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვირჩევთ ტრადიციულ ევროპას ნაცვლად ფაშისტურ-ბოლშევიკური მისწრაფებებისა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, ნაცვლად დაპირისპირებისა. ჩვენ ვირჩევთ ჩვენი დიდი წინაპრების გზას, ნაცვლად ყალბი ღირებულებისა. ჩვენ ვირჩევთ პრინციპულობას, ნაცვლად სიყალბისა და ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ნაცვლად ავტოკრატიისა. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანებას. ხელი უნდა შეუწყოს ჩენსმშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას მხარი დაუჭიროს ქართული იდენტობის გაძლიერებას და ამ გამოკვეთილი იდენტობით დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნისთვის კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას”, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს პირველი ზეპარტიული ქალი პრეზიდენტი.
„ჩვენ ყველა ერთად ურთიერთგაგებით აუცილებლად შევძლებთ ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას. მინდა, გისურვოთ წარმატებები და მინდა, იცოდეთ გაქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ერთად საქართველოსთვის”, – აღნიშნა კახა კალაძემ. (R)