პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, დღეს მარნეულში მიმდინარე მოვლენები შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ როგორც მავნებლობა, პროვოკაცია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ.
„იმ ვითარებაში რაშიც ვიმყოფებით, მე მგონი ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ შეკრებებს აუცილებლად მოჰყვება ვირუსის გავრცელება, ვირუსის აფეთქება, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოგვცეს. ამიტომ ასეთი ქმედებები ცალსახად შეიძლება შეფასდეს, მხოლოდ როგორც მავნებლობა, როგორც პროვოკაცია, როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ამ შეკრებაზე გამოჩნდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა და ძალიან დიდი ალბათობით, ყველაფერი ეს იყო ორგანიზებული. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა მარნეულში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.