დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
კახა კალაძემ შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებისთვის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.
„გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და ერთსულოვნებამ განაპირობა ის, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულის, კარანტინის წესების თითოეული შემსრულებელი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. მე კარგად მესმის, თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავის, ჩვენი ოჯახების, შვილების, შვილიშვილების უსაფრთხოებისთვის ვიტანთ და ვაკეთებთ. სასწორის ერთ მხარეს არის ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება, და მეორე მხარეს კი მოთმინება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ. აქვე მინდა, აღვნიშნო ის უპასუხისმგებლო და, უფრო მეტიც, დანაშაულებრივი ქმედებები, როდესაც კონკრეტული პირები არა მარტო კარანტინის წესებს არღვევდნენ, არამედ საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას. ხელს უშლიდნენ სამართალდამცველების მუშაობას. თბილისი კვლავ კომენდანტის საათის პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას და ყველას გთხოვთ, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე დავრჩეთ სახლში. შეკრებები, თავყრილობები ეზოებში თუ სხვა ადგილებში, არის დაუშვებელი. ჩვენ ყველა, კანონმორჩილი ადამიანები, მედიკოსები ამდენს იმიტომ ვწვალობთ, რომ ეს სამაგალითო მდგომარეობა ვირუსთან გამკლავების კუთხით, იქნეს შენარჩუნებული, ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკუთარ ვნებებს, გართობის და ქეიფის სურვილს ნუ გადავაყოლებთ ამდენი ადამიანის წვალებას და არსებულ სტაბილურ მდგომარეობას. მესმის, რამდენად დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ეს ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ყველას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. მესმის, არ არის ეს პოპულარული ნაბიჯები, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არის აუცილებელი, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ჩვენ უხილავ მტერს ვებრძვით. ეს უხილავი მტერი ნელ-ნელა აუცილებლად დათმობს თავის პოზიციებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა ერთად და ამისთვის საჭიროა, დავრჩეთ სახლში. ცოტაც გავიჭირვოთ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ის სუბიექტებიც დაასახელა, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებენ.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ავტომობილით გადაადგილება კიდევ ერთი კვირით შეიზღუდება. ორშაბათამდე დაშვებული საშვებით იმოძრავებენ ის მანქანები, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა მომსახურების სფეროს. ეს ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა აფთიაქის ქსელი, ჩვენს ექიმებს, მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. ასეთი შეიძლება იყოს „თბილსერვისის“ თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია, პოლიციის თანამშრომლები და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.