თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
„ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი და საზოგადოების ერთგვარი უარი სიცრუისა და სიძულვილის მიმართ. ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი ადამიანებისთვის კეთილდღეობის მისანიჭებლად. ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომელიც მათგან არჩევნების პირველ ტურზე მივიღეთ და ჩვენ მათზე რეაგირება ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ.
თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს“ – თქვა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 58%; გრიგოლ ვაშაძე – 42%.
დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.