დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი 7-დან 15 წუთში ერთხელ იმოძრავებს.
„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს და შესაბამისი დერეფნები მოეწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს, რომლებიც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ, გაჩერებებზე ლოდინი 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენი რეფორმის მთავარი ამოცანაა, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ავტობუსების განახლება მოხდეს ისე, რომ მოქალაქეს ავტობუსით სარგებლობის შესაძლებლობა 7-დან 15 წუთის განმავლობაში ჰქონდეს. სწორედ ამ მიზნით, ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება – შესყიდული გვაქვს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს უკვე იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.