საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისის თასის გათამაშებაში ჩაება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე მასპინძელი საბერძნეთი გახლდათ. ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ძლიერ მეტოქესთან და გაიმარჯვეს – 72:71.
საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები და ჰქონდა ჩავარდნები. ეს მატჩი უდაოდ ძალიან დადებითი იყო ჩვენი გუნდისთვის. ძლიერ მეტოქესთან, მისსავე მოედანზე ასე ღირსეულად ასპარეზობა ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი აღმავლობით მიმდინარეობს და როცა ევროპის ჩემპიონატამდე პროგრესს კიდევ განიცდის.
პირველი პერიოდის 10 ქულით (8:18) წაგების შემდეგ ილიას ზუროსის როტაციამ გაამართლა და ქართველებმა მეორე მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება. ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც პირველ ტაიმში 15 ქულა ჩააგდო, ხოლო მე-3 პერიოდში მას თორნიკე შენგელიამაც აუბა მხარი და ქართველებმა ლიდერობა მოიპოვეს. ზუროსის გუნდი 4 ქულით ორჯერ იგებდა – 41:37 და 47:43, თუმცა მესამე ათწუთეულის ბოლოს მხოლოდ ერთქულიანი ლიდერობა შერჩა – 53:52.
მეოთხე პერიოდი მასპინძლებმა შედეგიანად – 7:0 გაქცევით დაიწყეს და 59:53 დაწინააურდნენ. დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ქართველები 9 ქულით – 56:65 ჩამორჩნენ, თუმცა მაინც არ გატყდნენ და მაიკლ დიქსონის, მანუჩარ მარკოიშვილის, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის მექულეობით ჩამორჩენა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 2 ქულამდე შეამცირეს – 67:69.
დასკვნით წუთებში ქართველებმა მობილიზებულად ითამაშეს. თორნიკე შენგელიამ ჯერ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ გიორგი ცინცაძემ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე დამაწინაურებელი სამიანი მიითვალა – 72:71.
ბოლო შეტევაში ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და გიორგიოს პრინტეზისის აცილებული ბურთის მერე ქართველებმა გამარჯვება გაიფორმეს.
აღსანიშნავია, რომ 17-ათასიანი OAKA არენაში 3 ათასამდე მაყურებელი შეგროვდა, რომლებშიც ქართველები უმეტესობა არ იყვნენ, თუმცა შეძახილებით უფრო ომახიანად ამხნევებდნენ ჩვენებს, ვიდრე ბერძნები საკუთარ ნაკრებს. ქართველი ემიგრანტები მრავლად იყვნენ დარბაზში და ჩვენს გუნდს ერთგულებით თავი დაამახსოვრეს.
საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
23 აგვისტი, 2017. საერთაშორისო ტურნირი – აკროპოლისის თასი. საბერძნეთი, ათენი, OAKA არენა
72:71 საბერძნეთი
საქართველო: მაიკლ დიქსონი (4 ქულა), ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე (13), გიორგი შერმადინი (23), დუდა სანაძე (5), მანუჩარ მარკოიშვილი (კაპ, 13), მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია (14), ბექა ბექაური, გოგა ბითაძე (4), ილია ლონდარიძე
მწვრთნელი: ილიას ზუროსი (საბერძნეთი)