A ვიტამინი მონაწილეობს დამჟანგავ-აღდგენით პროცესებში, ცილების სინთეზის რეგულირებაში, აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად. მისი უკმარისობა იწვევს კანის სიმშრალეს. ფრჩხილები იმტვრევა, ჩნდება კოჟრები, თმა კარგავს ბზინვარებას, ცვივა, ჩნდება ქერტლი, უარესდება მხედველობა. A ვიტამინის დღეღამური ნორმაა 1 მგ. მისი წყაროა: ღვიძლი, თევზის ქონი, კარაქი, რძე, კვერცხის გული, ისპანახი, გოგრა, ოხრახუში.
B1 ვიტამინს წამყვანი როლი აკისრია ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესში, ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას მუშაობაში, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებსა და გუნება-განწყობილებას. მისი უკმარისობა იწვევს გაღიზიანებას, უძილობას, უმადობას. B1 ვიტამინის დღეღამური ნორმაა 2-3 მგ. მისი წყაროა ქატოს პური, ბრინჯი, წიწიბურა, კაკალი, ქლიავი, თევზი, ხორცი, შავი ყურძენი.
B6 ვიტამინი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცილების ათვისებას, მონაწილეობს სისხლის წითელი სხეულაკებისა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. მისი უკმარისობა იწვევს დეპრესიას, კანისა და სისხლის დაავადებებს.
B6 ვიტამინის დღეღამური ნორმაა 2მგ. მისი წყაროა: მარცვლეული, საფუარი, პარკოსნები, ბანანი, კაკალი, კარტოფილი, ღვიძლი, თევზი, კვერცხი, შავი ყურძენი.
C ვიტამინი ამაგრებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუცილებელია კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნისთვის, რომლებიც საჭიროა კანის სტრუქტურისათვის, ხსნის სტრესს. C ვიტამინის დღეღამური ნორმაა 60 მგ. წყაროა: კომბოსტოს მწნილი, შავი მოცხარი, ციტრუსები, კარტოფილი, შავი ყურძენი.
E ვიტამინი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისთვის. E ვიტამინის დეფიციტის დროს კანი სწრაფად ჭკნება, მასზე ჩნდება პიგმენტური ლაქები.
E ვიტამინის დღეღამური ნორმაა 8 მგ. წყაროა: ქატო, მწვანე ბოსტნეული, მცენარეული ზეთი, მზესუმზირა, კაკალი, პარკოსანი.
E ვიტამინის გამომუშავებას ხელს უწყობს მზის სხივები. მას შეიცავს რძემჟავა პროდუქტები, მცენარეული ზეთი, კარაქი და თევზი.