ლანჩხუთელ გოგონათა საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელმა დურმიშხან ჩხაიძე, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჩხაიძესთან და გუნდის წევრ გოგონებთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჩხაიძის შეფასებით, იმ დაფინანსების ფონზე, რაც კლუბს გააჩნია, გოგონების მიერ დადებული შედეგი ნამდვილი სასწაულია.
„წლის ბიუჯეტი როცა იხილებოდა, ჩვენი მონაცემები წარვადგინეთ და 230 ათასი ლარი მოვითხოვეთ. ამ თანხით ჩვენ შევძლებდით ფეხბურთელებისთვის მინიმალური ხელფასის დანიშვნას, მაგრამ უარი გვითხრეს. საერთო ჯამში, 58 ათასი მოგვცეს, ანუ 5-ჯერ ნაკლები. ბევრი იმასაც იძახდა, რად გვინდა ეს ქალთა ფეხბურთიო. თუმცა, ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, საქმეს ვაკეთებთ.
ზედიზედ ბოლო 5 მატჩი მოვიგეთ, ყველა მშრალი ანგარიშით. ბურთების შესაშური სხვაობა გვაქვს _ 20:0-ზე. ამ ხუთ თამაშში ისეთი უპირატესობა გვქონდა, რომ მეტოქე ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს კუთხურის მოწოდება. მეტი წარმატება რა გინდათ. გუნდი მესამე ადგილზეა მინიმუმ და წლევანდელ პირველობას საპრიზო ადგილით ვასრულებთ“, _ აღნიშნა დურმიშხან ჩხაიძემ, რომლის თქმითაც, ფინანსური პრობლემების გამო, კლუბიდან წასვლაზეც ბევრჯერ უფიქრია.
„ცუდ დღეში ვიყავით. არანაირი დაფინანსება. ბოლოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი დაგვეხმარა. ბევრჯერ მინდოდა კლუბიდან წასვლა. მათხოვრობაც მომბეზრდა. ჩვენ შედეგიანი გუნდი გვყავს და ამას დანახვა უნდა. 22 გოგონაა ჩვენს კლუბში, აქედან _ 12 სხვადასხვა ნაკრების წევრია. სირცხვილია, მათ 100-100 ლარსაც ვერ ვაძლევთ ხელფასს“, _ ამბობს კლუბის ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, თუ დაფინანსება არ გაიზრდება, არაა გამორიცხული, ლანჩხუთელმა გოგონებმა ჩემპიონატში სხვა მუნიციპალიტეტის სახელით გააგრძელონ ასპარეზობა. როგორც პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, კლუბს ასეთი შემოთავაზება ფოთიდან უკვე აქვს.
გუნდის ხელმძღვანელი თვლის, რომ გოგონებს დიდი პოტენციალი აქვთ: „რამდენიმეს ჰქონდა შემოთავაზება სხვა გუნდიდან, მაგრამ არ წავიდნენ. ბევრი იძახის, ფეხბურთი გოგოს საქმე არ არისო. აბა, შეხედეთ ერთი ამ გოგონებს და მითხარით, ვისზე ნაკლები ლამაზები არიან?! უკვე პოტენციური სასიძოების მოგერიებაც გვიწევს. ამბობენ, „ქალი ვიცი კუხნაშიო“ _ ქალი მე ვიცი კუხნაშიც, უმაღლესშიც და ფეხბურთშიც. მე გოგონებს ვეუბნები, რომ მთავარი არის ოჯახის შექმნა, მიიღო კარგი განათლება და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ფეხბურთი. ასე რომ არის, ჩემი გოგონებიც დაგიდასტურებენ. არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ მუშაობის საშუალება მოგვცენ. უკვე შევადგინე მომავალი წლის ბიუჯეტი, ის 206 ათას ლარზეა გათვლილი. შეამოწმონ დეტალურად და თუ ერთ თეთრსაც აღმოაჩენენ ზედმეტს, საერთოდ წავალ სახლში. ამას გარდა, სხვა ა(ა)იპ-ებიც შეამოწმონ, ნახონ მათი ბიუჯეტებიც, რას ითხოვენ და რას აკეთებენ. დიდი იმედი მაქვს ახალ საკრებულოში ჩვენს მდგომარეობას გაითვალისწინებენ“, _ თქვა ჩხაიძემ.
დურმიშხან ჩხაიძე 3-წლიან პროგრამაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ლანჩხუთელმა გოგონებმა ჩემპიონის ტიტულიც უნდა მოირგონ.
„ჩვენ გვაქვს 3-წლიანი პროგრამა, თუ გეგმის მიხედვით წავედით, ამ 3 წელიწადში ჩემპიონები უნდა გავხდეთ. რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასაც ვაპირებთ, თუ ბიუჯეტმა მოგვცა ამის საშუალება. ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე გადიან. მართალია, იქ სულ სხვა დონეა, მაგრამ ეს დამატებითი დაფინანსებაა და მგონი ძალიან კარგი იქნება. ასე რომ, ცოტა ხელის შეწყობა გვინდა და რაიონის სახელი უფრო ცნობილი გახდება“, _ თქვა გუნდის ხელმძღვანელმა.