რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი, ანტონ ალიხანოვი ლიტვის მიერ ტრანზიტის ჩაკეტვის პასუხად ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით იმუქრება. ამის შესახებ მან vedomosti – თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი აზრით, ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს ეკონომიკური პასუხი, რომელიც შედარებული იქნება „ნეიტრონულ იარაღთან“.
,,ვილნიუსს არ ესმის, რომ კალინინგრადის ოლქი რუსეთის ნაწილია და, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ „ლიტვის ეკონომიკის ნახევარი არ იარსებოს.
ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსი, პრინციპში, შეიძლება განადგურდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბალტიისპირეთისკენ მიმავალ და გამომავალ ტვირთებთან დაკავშირებით ანტისანქციებს მიიღებს”. – თქვა ალიხანოვმა.
კალინინგრადისთვის დაწესებულ სანქციებზე რუსეთის საპასუხო პროექტი უკვე წარედგინა მთავრობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ალიხანოვის თქმით, საუბარია “ლიტვისთვის ძალიან კრიტიკულ” ეკონომიკურ ზომებზე.
18 ივნისიდან ვილნიუსმა შეაჩერა კალინინგრადის რეგიონში ევროკავშირის სანქციებით დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტი: სამშენებლო მასალები, ლითონი, ხე, ცემენტი, სასუქები, ალკოჰოლი, ხიზილალა და სხვა კატეგორიები, რომლებიც მთლიანობაში ტრანზიტის დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს. .
ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, ლიტვა, რომელმაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მოქმედებს აგრესიულად და გასცდა არამეგობრულ ხაზებს. მოსკოვი იტოვებს უფლებას დაიცვას ეროვნული ინტერესები, თუ შეზღუდვები არ მოიხსნება.
Bloomberg-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტის მიღების პარალელურად, ევროკავშირმა შესაძლოა შეცვალოს სანქცირებული საქონლის კალინინგრადში ტრანზიტის წესები.
20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.
ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი “დერეფანი” არ იქნება.
ავტორი