XIX საუკუნეში სასულიერო სემინარიიდან ,,მგლის ბილეთით” გარიცხვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. 1894 წელს დემონსტრაციის გამო სასწავლებლიდან სხვა 83 სემინარიელთან ერთად გააგდეს მომავალი სოციალ-დემოკრატი ალექსი გოგოხია (1871-1940), რომელიც შემდეგ ამერიკაში გადაბარგდა.
1897 წელს იგი დაუკავშირდა ცნობილ მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილს და შეუერთდა ბაფალო ბილის ,,ველური დასავლეთის” შოუს. ლუკასთან ერთად იგი 1899 წლის სეზონის ბოლომდე მუშაობდა, 1900 წლიდან კი დამოუკიდებლად, საკუთარ ჯგუფთან ერთად დაიწყო მუშაობა. მაშინ გადაიკეთა გვარი და გახდა ალექსი ჯორჯიანი ანუ ქართველი. იგი გამოდიოდა სხვადასხვა სახელებით _კაპიტანი ჯორჯიანი, პოლკოვნიკი ჯორჯიანი, `პრინცი~ ჯორჯიანი. როგორც ამბობენ, 1903-05 წლებში ის აკონტროლებდა ყველა გურულ მოჯირითეს და არაბ აკრობატს ამერიკის ტერიტორიაზე. მაგრამ საცირკო საქმიანობას ხელი არ შეუშლია მისი რევოლუციური საქმიანობისთვის.
მეფის ,,ოხრანკის” ერთ დოკუმენტში (1902 წლის 4 აპრილი) ვკითხულობთ: ,,…გამოირკვა იმ პირთა ფართო წრე, რომლებთანაც დასაგმობი მიწერ-მოწერა და ურთიერთობა ჰქონდათ ნოე ჟორდანიასთან… გამორკვეულია აგრეთვე ნოე ჟორდანიას ურთიერთობა ემიგრანტ ალექსი გოგოხიასთან, რომელიც… თანახმად პოლიციის დეპარტამენტის ცნობებისა, სხვისი პასპორტით ჩამოვიდა 1900 წელს ბათუმში, ნიუ იორკელი და შვეიცარიელი ჩვენი ემიგრანტ-რევოლუციონერების დავალებით და ჩამოიტანა ორი ყუთი რევოლუციონური ლიტერატურა”. 1907 წელს ჯორჯიანი ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. პოლიტიკური საქმიანობისთვის ამერიკის მთავრობამ მას ლამის დეპორტაციაც დაუპირა, მაგრამ ბოლოს ჯორჯიანისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. საინტერესოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და პირადად ნოე ჟორდანიამ ალექსი ჯორჯიანს შესთავაზა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის პოსტი ამერიკაში, მაგრამ მან უარი განუცხადა. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი 1940 წელს, მინეაპოლისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.