მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლერი ხაბელოვი, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სჯობდა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ გაერთიანებულიყო, რადგან მისი თქმით, წინა წლებში ამ სამინისტროების შერწყმა დადებითად არ აისახა კულტურისა და სპორტის განვითარებაზე. როგორც ხაბელოვი აღნიშნავს, სამინისტროების გაერთიანებით დაიზოგება თუ არა თანხები, ამას დრო გვიჩვენებს.
,,მივესალმები სამინისტროების გაერთიანებას და თანხების ოპტიმიზაციას, თუმცა ვფიქრობ, კარგი იქნებოდა სპორტის სამინისტრო ცალკე დარჩენილიყო, რადგან ამ მიმართულებებს საქართველოში განვითარება სჭირდება. ვიცით, რომ წინა წლებში კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაერთიანებული იყო, თუმცა პროექტმა არ გაამართლა. დღესაც იგივეს ვუბრუნდებით. რამდენად კარგად იმუშავებს სამინისტროების გაერთიანება სამი თვის მერე გვეცოდინება, როცა გარკვეული ანალიზის გაკეთების საშუალება გვექნება. რაც შეეხება თანხების ოპტიმიზაციას, მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად ჩამოყალიბებული არ არის, რამდენიმე თვის შემდეგ დავინახავთ, თუ როგორ მოხდება თანხების დაზოგვა. ვფიქორბ, სამინისტროების გაერთიანება თანხების ოპტიმიზაციას გამოიწვევს“, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ლერი ხაბელოვმა.