ნიადაგი ლითოსფეროს ზედა ფხვიერი ფენაა, რომელიც ხასიათდება ნაყოფიერებით. ის მცენარეებს უზრუნველყოფს წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას განაპირობებს.
შესაბამისად, ნიადაგი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უზრუნველყოფს ადამიანის თითქმის ყველა საჭიროებას საკვებზე, ტანსაცმელზე, თავშესაფარსა თუ სიცოცხლისთვის აუცილებელ სხვა მოთხოვნილებებზე.
საქართველოში ნიადაგის ხარისხი უარესდება. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზები კი ეროზია, დაბინძურება, მეორეული დაჭაობება, დამლაშება, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვება, არასწორი და არამდგრადი სამეურნეო საქმიანობა, საძოვრების არამდგრადი მართვაა.
არსებობს ეროზიის სამი ძირითადი სახე: წყლისმიერი, ქარისმიერი და გეოლოგიური ეროზია.
ქარისმიერი ეროზია ძლიერი ქარის შედეგად არის განპირობებული და ნიადაგის დასაცავად ქარსაფარი ზოლების არსებობა აუცილებელია.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას კავკასიის გარემოს დაცვითი ცენტრის დირექტორი, სოფიკო ახობაძე ამბობს, კახეთში ფერმერები ქარსაფარი ზოლების არ არსებობის გამო დახმარებას ითხოვენ.
„ქარსაფარი ზოლების თვალსაზრისით, კატასტროფული მდგომარეობა კახეთის რეგიონში გვაქვს. 90% დეგრადირებულია და არ არსებობს. შესაბამისად, ყოველი მეორე ფერმერი ამბობს, რომ მას აქვს ქარისმიერი ეროზიის შედეგად გამოწვეული სერიოზული პრობლემა და ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციაა საჭირო“, _ ამბობს ახობაძე.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ქარსაფარი ზოლების არარსებობით გამოწვეული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოსაც აწუხებს და მარტო კახეთში არ გვხვდება აღნიშნული პრობლემა.
„ქარსაფარი ზოლების გაჩეხვა და განადგურება სხვადასხვა მიზეზების გამო ყველგან ხდება. იგივე ხდება დასავლეთ საქართველოშიც. იქ პრობლემა იყო თუნდაც 90-იან წლებში. ენერგეტიკული კრიზისის დროს მოხდა ქარსაფარი ზოლების გაჩეხვა და განადგურება. ქარსაფრები, რომლებიც ჩაის პლანტაციებსა და მანდარინის პლანტაციებს ჰქონდა შემორტყმული, დღესაც იწვება ხშირ შემთხვევაში. იქაც, ამ თვალსაზრისით, იგივე პრობლემა გვაქვს. თუმცა, იქ მაინც ქარისმიერი ეროზიის ასეთი კატასტროფული შედეგები არ გვხვდება. დასავლეთში უფრო მეტად იკვეთება წყლისმიერი ეროზიის ფაქტები, დაჭაობების პრობლემა“, _ ამბობს ახობაძე.
მისივე თქმით, ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციაში თანხის ჩადების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ პრობლემას ქარსაფარი ზოლების მართვის და გაშენების კანონის არ არსებობა წარმოადგენს.
„არსებობს ბევრი დონორი, რომელსაც აქვს სურვილი და თანხა იმისთვის, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩადოს რესურსი, მაგრამ სახელმწიფო მიდგომასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა. არ არსებობს კანონი ქარსაფარი ზოლების მართვის და გაშენების, მოვლა-პატრონობის რეგულაცია, რომელიც ზუსტად გამოკვეთს პასუხისმგებელ პირს, ვისაც ევალება ქარსაფარი ზოლების გაშენება, მათი მოვლა, შენახვა-პატრონობა. პროექტმა მიზნად დაისახა და უკვე ძალიან დეტალური შეთანხმება გვაქვს იმის შესახებ, სამინისტროს რომელი დეპარტამენტი რა კუთხით ჩაერთვება, ეკონომიკის და მუნიციპალიტეტების როლი რა იქნება ამ პრობლემის მოგვარებაში. ვფიქრობთ, რომ ახალი კანონმდებლობა, ყველა უწყების პასუხისმგებლობას და მათ შორის კანონდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხს გამოკვეთს. გამოკვეთს, რა მოყვება კანონის დარღვევას იმ პირის მიმართ, რომელიც თავისი გულგრილი დამოკიდებულებით გადაწვავს ქარსაფარ ზოლებს. ტყეში შეიძლება გაჩნდეს ხანძარი გვალვის დროს, მაგრამ პრაქტიკა, რომ ქარსაფარი ზოლი გვალვის გამო გადაიწვას, არ ფიქსირდება. რაც დაიწვა, იყო კონკრეტული გულგრილობის შედეგი და რეაგირება სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს“, _ ამბობს ახობაძე.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი ამბობს, სამინისტრო ნიადაგის დეგრადაციის შემცირებისა და მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის პროექტს ახორციელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კახეთის 4 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
„ხორციელდება საპილოტე პროექტი 4 მუნიციპალიტეტში. ესენია: გარდაბანი, დედოფლისწყარო, ახმეტა და საგარეჯო, სადაც მეტად მწვავედ დგას ნიადაგების დეგრადაციის პრობლემა. საპილოტე პროექტის მიზანია სწორედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ საკითხებთან მიმართებაში, დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა-გაუმჯობესება. პროექტი დაიწყო 2016 წელს და ხორციელდება გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მხარდაჭერით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ ქვეყანამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ნიადაგის დეგრადაციის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა არამარტო ეროვნულ დონეზე, არამედ მსოფლიო დონის მასშტაბით დგას“, _ ამბობს თანდილაშვილი.
მისივე თქმით, პროექტს პრაქტიკული ხასიათი აქვს.
„პროექტი არის პრაქტიკული ხასიათის რადგან მის ფარგლებში ხორციელდება შეხვედრები მოსახლეობასთან. გაკეთდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც დაურიგდა ადგილობრივ მოსახლეობას, თუ როგორ უნდა ებრძოლონ და რეაგირება მოახდინონ იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც, დღეს ქვეყანა დგას. ასევე, საპილოტე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კონკრეტული ქმედებები. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს ინვენტარიზაცია, სად გვაქვს დეგრადირებული ნიადაგები და შემდგომში მოხდეს მათი აღდგენა და შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება“, _ ამბობს თანდილაშვილი.