საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, ხოლო უკრაინული მხრიდან უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურის უფროსის მოადგილემ იური ზასტავნიმ მოაწერეს.
დოკუმენტი მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში თანამრომლობას ითვალიწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა მათი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების, ინფორმაციისა და სპეციალური ცოდნის გაზიარების გზით.
თანამშრომლობის მიზანია, შეიქმნას თანამშრომლობის ჩარჩო და ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების პროგრამას მხარეებს შორის მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში. მხარეები მემორანდუმის მიზნების მისაღწევად გამოიყენებენ ორმხრივ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს იდეების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
უკრაინული მხარე ასევე დაინტერესდა საქართველოში წარმატებულად მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმით.