ისინი უხეშები არიან, ხშირად, სრულიად მოკლებულნი რომანტიკას…
მოკლედ, რადგან მამაკაცებად დაიბადნენ, მიაჩნიათ, რომ ბევრის უფლება აქვთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ მამაკაცური ჰორმონი ზოგჯერ ძალიან ცუდად „იქცევა“. „მე ასეთი ვარ“, „მოგწონვართ? – კარგი, არა? – მაინც უნდა ამიტანოთ“, – ხშირად ასეთია მამაკაცური ლოგიკა.
ისინი იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ კაცის გარეშე გაძლება ქალს არ შეუძლია, ამიტომაც ყოველთვის ყველაფერს აპატიებენ.
თუ ქალბატონები უფრო ხშირად ცდილობენ, არ გადალახონ საზღვარი და არ გასცდნენ იმ ჩარჩოებს, რომლებსაც მათ საზოგადოება უდგენს, კაცები ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ. ბუნებრივია, რომ სუსტ სქესს არ ესმის მათი გულგრილობა, მაგრამ, ვერც ნერვების მოშლით გახდებით რამეს, ვერც წუწუნითა და ტირილით. აჯობებს, ზოგჯერ თქვენც „გაგიჟდეთ“ – ეს აუცილებელიც კია.
ცოტათი უხეშობაც გეპატიებათ და უარის თქმაც პატარ-პატარა თხოვნებზე, ასევე, გაჯიუტებაც და ცინიზმიც, მთავარია, დროულად დაამუხრუჭოთ.
თამამად მოახდინეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების დეკლარირება. დაანახვეთ ყველას, რომ ხართ დამოუკიდებელი, პრინციპული და, როცა საჭიროა – კატეგორიულიც. თანაც, ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისში უნდა მოხდეს, თორემ, თუ თავიდან ფისო იქნებით და კლანჭებს მერე გამოაჩენთ, სიტუაცია, შესაძლებელია, გართულდეს.
ერთი სიტყვით, კაცები არიან კაცები და ამას უნდა შევეგუოთ. მათ ხელჩართულ ჩხუბში ჩაბმაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ და პასუხსაც ვერავის მოვთხოვთ – ჩვენ ხომ მუშტი-კრივით ვერ გავურჩევთ საქმეს?! ისევ სითბოს, ტკბილი სიტყვისა და ზოგჯერ მსუბუქი გაკაპასების ხარჯზე თუ მივაღწევთ მიზანს.