სურამში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. 1986 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ბრალად ედება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.