ერთხელ რუსეთის იმპერატორის ბადრაგის (კანვოის) უფროსი პეტრე ბაგრატიონი (1812 წლის ომის გმირის ძმისწული და სეხნია) შინ ძალიან გახარებული და კმაყოფილი დაბრუნებულა. მეუღლის შეკითხვაზე თუ რაშია საქმე, მან უპასუხა, რომ აღლუმმა სამაგალითოდ ჩაიარა და იმპერატორმა სამჯერ გადაუხადა მადლობა. `და ეს მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ქართველების მიზეზით მოხდა… ძალიან ისახელეს თავი საზოგადოდ! და ბურთი და მოედანიც დღევანდელი დღისა აბაშიძეს, ამილახორს და ანდრონიკაშვილს დარჩათ… ხელმწიფემ ბრძანა, რომ აბაშიძე, ცხენზე მხტომი, გადახატეთ და სურათი სასახლის გალერეაში ჩამოჰკიდეთო!~
მხედარი, რომელმაც იმპერატორზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, 1835 წელს სოფელ თირში დაბადებული სამსონ ივანეს ძე აბაშიძე გახლდათ. პირველდაწყებითი განათლება სამსონმა ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. მის შესახებ “სათაკილო” ამბავს იხსენებს ნიკო ნიკოლაძე: როცა ყირიმის ომის დროს ფრანგებმა დაჯაბნეს რუსები, პატრიოტულად განწყობილმა ქუთაისელმა გიმნაზიელებმა გადაწყვიტეს, ფრანგი მასწავლებისთვის სამაგიერო გადაეხადათ. მათ წვრილი ნემსები სკამზე დაარჭეს და როცა იგი “თავისებურად დაასკდა საჯდომს, მოისმა ველური ბღავილი”. მაშინვე ჩატარდა გამოძიება: მოსწავლეებს ჩოხის საქილეები გაუსინჯეს იმ აზრით, რომ ვისაც ნემსები აღმოაჩნდებოდა, შესაბამისად, ის იქნებოდა დამნაშავე. ნემსები მართლაc უპოვეს სრულიად უდანაშაულო ორ მოსწავლეს _ კოწია წულუკიძესა და სამსონ აბაშიძეს. არც ერთ მათგანს, არც მეორეს გაგებაც არ ჰქონიათ ჩვენი დანაშაულობის. წამოაქციეს ორივე უბედური და უმოწყალოთ გაწკეპლეს”.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აბაშიძე მოხვდა პეტერბურგში და მსახურობდა ალექსანდრე II-ის კანვოიში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. დაუმეგობრდა აკაკი წერეთელს, რომელსაც ნათესავად ეკუთვნოდა (აკაკის დედა და სამსონის მამა ბიძაშვილები იყვნენ). დედისადმი გაგზავნილ ერთ წერილში (1860) აკაკი წერეთელი ასე ახასიათებს სამსონს: `სამსონი ჩემთან დგას… ძალიან კარგი ბიჭია, იქნება მაინც, ჯერ თუ არ არის. ჩემთან კარგი ნაცნობობა აქვს”. აბაშიძემ პეტერბურგში ცოლად მოიყვანა იურისტ ესპერ უხტომკის ქალი ადელაიდა. მათ შეეძინათ ორი შვილი, რომელთაგან ვაჟი ადრე გარდაეცვალა და ის პეტერბურგში დაკრძალეს. სულ მალე ოჯახი საქართველოში ჩავიდა და აბაშიძემ საკუთარი მამულის მოვლას მიყო ხელი. რუსეთში ისევ გაემგზავრა 1870-იანი წლების ბოლოს, მაგრამ საქართველოში მალევე დაბრუნებულა. ის ბეჭდავდა კრიტიკულ პუბლიცისტურ, სატირულ თხზულებებსა და თარგმანებს „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“ „თერგდალეულის“, `ჯვარელის~ და `ზემო-იმერელის~ ფსევდონიმებით. სამსონ აბაშიძე გარდაიცვალა 1894 წელს, დაკრძალულია კაცხის მონასტერში.
ამონარიდი წიგნიდან
,, კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები”.