როგორ უნდა მართო წარმატებული ბიზნესი? შეიძინო განათლება ამ მიმართულებით? იქნებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად იმდენივე დოზით პრაქტიკის კომპონენტიცაა საჭირო?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სწორედ მეორე მიდგომით ამზადებს: ფაკულტეტზე პროფესიონალი, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან; სწავლის პარალელურად კი ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს „ბიზნეს ინკუბატორი“, პროექტი, რომლის მიზანიც სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მეწარმეობის წახალისებაა.
ბიზნეს-ინკუბატორი CIU-ს შედარებით ახალი პროექტია. იგი 2019 წელს შეიქმნა.
„მისი წყალობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოიყალიბონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ისწავლონ საკუთარი იდეების შემუშავება, ანალიზი, კონკრეტულ ქმედებებში ასახვა, ბიზნეს-გეგმის შემუშავება და განხორციელება და სხვა“ – აღნიშნავს CIU ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, მარიკა კლდიაშვილი.
ინკუბაციის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: პირველ რიგში ყალიბდება სტუდენტური გუნდები; შემდეგ ირჩევა ბიზნეს იდეები და დგება ბიზნეს გეგმები; მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული აქტივობები ტარდება, გარდა ამისა, სტუდენტებს ევალებათ პოტენციური კომპანიის ბრენდ ელემენტების შექმნაც.
თუკი პირველი ბიზნეს ინკუბატორი მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, წელს პროექტის ხელმძღვანელებმა ეს წესი შეცვალეს და CIU-ს ყველა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს მიეცა მასში მონაწილეობის საშუალება.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაკულტეტებზეც გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ სტუდენტების ნაწილი მეწარმეობის, ბიზნესის კუთხით განვითარდეს, მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები“, აღნიშნავს CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, _ ირმა ბარათაშვილი.
პირველმა ინკუბატორმა სამი გუნდი გამოუშვა. ფინალისტებმა მიიღეს ფულადი საჩუქრები უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიისგან იდეის შემდგომი განვითარებისთვის.
„ამიტომაც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ სასწავლო პროცესი და ინკუბატორს მხოლოდ თეორიის პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობები აქვს. არავითარ შემთხვევაში. ცხადია, ასეც არის, თუმცა ძირითადად, სტუდენტებისთვის მოტივაციაა ის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი საოცნებო იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და ამაში უნივერსიტეტი ხელს ძალიან უწყობს“, _ აღნიშნავს ბარათაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი, მარიკა კლდიაშვილი გვიყვება, რომ 2021 წლის მოვლენებმა განსაკუთრებით კარგად დაგვანახა ყველას ახალი იდეების, პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზების მნიშვნელოვანება. მისი თქმით, ბიზნეს ინკუბატორის ტიპის პროექტები ხელს უწყობს მომავალ მეწარმეებს და სტუდენტებს, დაინახონ და შეამჩნიონ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ.
„ახალგაზრდებს ვურჩევდი უწყვეტ რეჟიმში გარემოს და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზს, პროტოტიპირების ტექნიკის გამოყენებასა და რისკების საპასუხოდ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ბევრი წარმატებული კომპანიის საიდუმლო – მუდმივი განვითარება, ადაპტაცია გარემოებებზე და პარალელურად რისკების კონტროლი. და რა თქმა უნდა – გუნდი – კვალიფიცირებული, მოტივირებული, თვითორგანიზებული, ორიენტირებული ზრდასა და განვითარებაზე“, _ აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი.
„ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტში დარეგისტრირება 27 აპრილამდეა შესაძლებელი. პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული. (R)