საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაიპაიძე “გურია ნიუსთან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღესთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი განმარტებით, კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, გურიაშიც, დაფიქსირდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის შემთხვევები. კერძოდ, საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორების გვერდით ან უკან იდგნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და აღრიცხავდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს:
_ დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესი იყო არა უბნებზე მისული ამომრჩევლის ზოგადი რაოდენობის დადგენა, არამედ მისული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირება, რათა მომხდარიყო მათი მობილიზება ხმის მისაცემად.
საია-მ, კენჭისყრის დღეს საჯაროდ ისაუბრა აღნიშნულ ფაქტებზე, შეაფასა ისინი, როგორც ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების პრინციპს. საია-მ საჯაროდ მოუწოდა საარჩევნო კომისიებს, აღეკვეთათ მსგავსი პრაქტიკა. სამწუხაროდ, ცესკომ, ნაცვლად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებისა, საჯარო განცხადებით და ქვემდგომი ადმინისტრაციების მისამართით გაცემული ზეპირი განმარტებით, გაამართლა აღნიშნული პრაქტიკა და ამით წაახალისა მისი გაგრძელება.
ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით საგულისხმოა, ასევე, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნებოდა გარკვეულ პირთა მობილიზება, რომლებიც რვეულებში ან ფურცლებზე ინიშნავდნენ მონაცემებს, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში უბანზე მოსული ამომრჩეველი საარჩევნო უბანში შესვლისას და უბნიდან გამოსვლისას მიდიოდა აღნიშნულ პირებთან, რაც ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ მიმდინარეობდა უბანზე მისულ ამომრჩეველთა აღრიცხვა, _ ამბობს ტრაპაიძე.
რაც შეეხება საჩივრებს და პროცედურულ დარღვევებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის დღის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 5 საჩივარი მომზადდა, საიდანაც 5-ივე დაკმაყოფილდა, ხოლო შემაჯამებელ ოქმებში არსებული უსწორობების თაობაზე მომზადდა 19 საჩივარი, საიდანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ _ 3.
როგორც საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ტამაზ ტრაპაიძე “გურია ნისუთან“ ამბობს, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული საჩივრები არ დაკმაყოფილდა საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილების გამო, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიებს უფლება მიეცათ, საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, შეადგინონ შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.
_ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინერგა ისეთი პრაქტიკა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის მეორე დღეს მხოლოდ კომისიის წევრის (ძირითადად მდივნის) ახსნა–განმარტებაზე დაყრდნობით ადგენენ შესწორების ოქმს და არ ხდება გადამოწმება იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ახსნა–განმარტებაში მითითებული მონაცემები სიმართლეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ შესაძლებელია, ოლქში წარმოადგინოს არასწორი ციფრებით შევსებული ან თუნდაც შეუვსებელი შემაჯამებელი ოქმი, მეორე დღეს, მხოლოდ ახსნა–განმარტების საფუძველზე, ახალი ციფრებით შეცვალოს არსებული ჩანაწერი და ეს სრულიად კანონიერი იქნება. ნიშანდობლივია, რომ ოზურგეთის საარჩევნო უბნების 30%-მა ხარვეზებით შევსებული ოქმები წარმოადგინა კენჭისყრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, მათგან კი მხოლოდ 3 საუბო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს დაეკისრა დისციპლინური პასუხსიმგებლობა. ესეც ზემოაღნიშნული ცვლილების შედეგია, _ამბობს თამაზ ტრაპაიძე.
ტრაპაიძის განმარტებით, ასევე , ცალკე შეფასების საკითხია ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.: _ საოლქო საარჩევნო კომისიებს გააჩნიათ კანონისმიერი ვალდებულება, საჩივრის საფუძველზე შეამოწმონ საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა). გურიის რეგიონის შემთხვევაში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება და კონკრეტულ საქმეზე (საიას საჩივრიდან გამომდინარე) მდივნის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტების სისწორე გადაამოწმა სხვა ალტერნატიული გზებით. ხოლო ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრის განხილვისას არ გადაამოწმა ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების სისწორე არც ერთი შესაძლებელი საშუალებით და დაეყრდნო მხოლოდ კომისიის წევრის ახსნა-განმარტებას. სწორედ ამიტომ საიამ მიმართა ოზურგეთის სასამართლოს, რომელმაც გამოითხოვა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და ამის საფუძველზე დადგინდა, მართლაც იყო თუ არა კომისიის მდივნის მიერ შეცდომა მექანიკურად დაშვებული.
როგორც საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი “გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები მათ დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ, გარდა იმისა, რომ რამდენიმე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნებისას ერთით ნაკლები ბიულეტენი მოიტანეს.
_ ერთი ბიულეტენი, შესაძლოა, ვინმემ უმნიშვნელოდ ჩათვალოს, მაგრამ თუ ეს ბიულეტენი არაკანონიერი მიზნებით, ე.წ. კარუსელისთვის იქნა გამოყენებული, შესაძლოა, მან უბანზე სრულად შეცვალოს სურათი და ამომრჩევლის რეალური ნება არ იქნას გამოხატული, _ განმარტავს ტრაპაიძე.