ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო აუქციონი გამოაცხადა 10-მდე მიწის ნაკვეთისა და უძრავი ქონებაზე. მათ შორისაა ნინოშვილის ქუჩა #2-ში მდებარე 664 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი ყოფილი ინტერნატის ტერიტორიის, ე.წ. „უმანკოს“ ეზოს წარმოადგენს, სადაც მრავალწლიანი ხეებია განთავსებული. აქ მცხოვრებთა თქმით, ქონება, დაახლოებით, 9900 ლარად არის შეფასებული.
აღნიშნულ ტერიტორიის მიმდებარედ პრობაციის ბიუროა განთავსებული და საპატრულო პოლიციის ახალი შენობაც მალე დაიდებს ბინას.
ადგილობრივი მოსახლეობა მიწის ნაკვეთის მოწესრიგების მომხრეა, იმ პირობით, თუ იქ არსებული ხეები არ მოიჭრება. ნაკვეთის გაყიდვაზე მათი დამოკიდებულება ნეიტრალურია.
ვალერი მახარაძე, ნინოშვილის ქუჩის მცხოვრები: აბა, რა გითხრათ, არ ვიცით, ვინ უნდა შეიძინოს. აქ ადრე სკოლა-ინტერნატი იყო განთავსებული. თუკი მოწესრიგდება ეს ტერიტორია, კარგია, ოღონდ აქ მდებარე ნაძვები არ უნდა მოიჭრას.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე: “ჩნდება კითხვები _ რატომ უნდა გაიყიდოს მუნიციპალიტეტის ქონება? რა დასაბუთება და მიზანი აქვს ამას? თუ მიზანი ისაა, რომ ამა თუ იმ კერძო ნაკვეთის გაყიდვას შედეგად უნდა მოსდევდეს ინვესტიცია, ადამიანების დასაქმება, მაშინ კი, ბატონო, მაგრამ უკვე წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე არ ხდება, პირიქით, ხდება მხოლოდ საზოგადოების ქონების გადასვლა კერძო მესაკუთრეების ხელში, თანაც საკმაოდ იაფად, რადგან უძრავი ქონების ფასი ოზურგეთში ძალიან დაბალია. იგივე ეხება ამ მიწის ნაკვეთსაც, არავითარი პირობა ან/და ვალდებულება, თუნდაც ის, რომ შეინარჩუნოს არსებული ხეები, მესაკუთრის მიმართ ჩადებული არ არის“.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს მერაბ წივწივაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ტერიტორია, გაიყიდება აუქციონის წესით, მასზე განთავსებულ ნაძვებს კი საფრთხე არ შეექმნება.
_ საკრებულოს თანხმობით ნაკვეთი გავიტანეთ აუქციონზე. თუმცა, ჯერჯერობით, განცხადებით არავის მოუმართავს. ნაძვებს რაც შეეხება, ეს მშენებლობის და არქიტექტორის საქმეა, ნაძვებს არ მოჭრიან, იქ მაინც 2-3 ხე უწევს, ბოლომდე ხომ არ უნდა აითვისოს ფართობი. რა უნდა აშენდეს, არ ვიცი. იქვეა პრობაციის ბიურო და გაკეთდება საპატრულოც“.
აუქციონი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1 აგვისტოს ჩატარდება.