“გულისტანის“ გაფიცული მუშები გურიის გუბერნატორს გიორგი სახოკიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტები ცდილობდნენ, მერისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა, შარაშენიძე, რომელიც, როგორც ძალიან ხშირად, ამჯერადაც მწყრალად იყო ზრდილობასთან _ მან “გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს ინტრიგანი უწოდა.
_ ბატონო კოტე, ეს აქციები უკვე რამდენიმე დღეა, რაც მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, რატომ არ დაინტერესდით გაფიცულთა ბედით? _ ჰკითხა გიორგი გირკელიძემ შარაშენიძეს.
_ გიორგი, ნუ გიყვარს ეს ინტრიგული შეკითხვები. ამ ხალხის გვერდით ვდგავარ ყოველთვის.
_ ბატონო კოტე, ინტრიგანი არ ვარ და სიტყვები შეარჩიეთ.
_ ინტრიგანი ხარ, აბა რა ხარ!
_ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მთავრობა მათ გვერდით არ დაუდგა.
_ დაწყნარდი, ერთი, შენ, თუ შეიძლება. მე გავარკვევ ამ საქმეს, _ უპასუხა ჟურნალისტს „ხალხის მიერ არჩეულმა“ მერმა.
ამის შემდეგ შარაშენიძე ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა და იქედან გააკეთა მცირე რეპლიკა: “მე ყოველთვის ხალხის გვერდით ვდგავარ“.
მიუხედავად „ხალხზე მზრუნველი მერის“ მტკიცებისა, აქციის მონაწილეების თქმით, 23 დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ გამოჩენილან და არც შარაშენიძე არ დაინტერესებულა მათი პრობლემებით.