თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე „თბილსერვის ჯგუფის” ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.
„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა“,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.