როგორც ვწერდით, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში, გუშინ, 14 ივნისს, დირექტორობის მსურველთა არჩევნები გაიმართა. დამსწრეთა წინაშე პრეზენტაციით წარდგა ხათუნა ლომთაძე.
_როგორც დირექტორობის კანდიდატი წარვდექი თქვენ წინაშე და მოკლედ გაგაცნობთ, სკოლის მართვის გეგმაზე, მის განვითარებაზე, _ თქვა მან წარდგენისას.
ხათუნა ლომთაძემ ასევე კოლეგებს მიმართა და ურთიერთობის დალაგებისკენ მოუწოდა.
წარდგენის შემდეგ, მას კითხვები დაუსვეს მასწავლებლებმა, რასაც მოჰყვა ორმხრივი პოლემიკა და მდგომარეობა დაიძაბა. საბოლოოდ კი, სკოლაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პატრულიც გამოიძახეს.
საბოლოდ, როცა სამეურვეო საბჭოს წევრებმა, არჩევნების ფარული წესით ხმა მისცეს ხათუნა ლომთაძის კანდიდატურას, აღმოჩნდა, რომ ათი წევრიდან მხოლოდ ერთმა დაუჭირა მხარი. ცხრამ კი უარი უთხრა. მოხდა ისე, რომ მისი კანდიდატურა მეორედაც იმავე შედეგით უარყვეს, როგორც წინა არჩვნებზე.
_ ფაქტობრივმა მმართველმა, ხელმძღვანელმა, მოვალეობის შემსრულებელმა დაადანაშაულა ჩემი კოლეგები, რომ 2012 წლიდან, თურმე სადღაც „ოცნების“ ოფისში ასმენდნენ. მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მე ხმა არ უნდა მომცენ. მითითება მიცემულია, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაზარდა. არ ვიცი, რა ტიპის არის ეს განცხადება მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. მე ვმონაწილეობ ამ კონკურსში. გავიარე კონკურსი, ჩავაბარე გამოცდა, მაქსიმალური ქულები მივიღე და ნაწილმა განაცხადა, დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ მომცემენ ხმას. ორჯერ გავიარე გასაუბრება. უმაღლესი შეფასება მივიღე. კანონმდებლობა მაძლევდა უფლებას, რომ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, _ აცხადებს ხათუნა ლომთაძე.
_ ხათუნამ ძალიან ცუდი პოზიცია აირჩია. მან არ აირჩია განეიტრალების პოზიცია. არამედ ეძებდა რაღაცას… მთელი თვის განმავლობაში გენინსპექცია იჯდა სკოლაში, დაეძებდა რაღაც თითდან გამოწოვილს, რაც საერთოდ არ იყო მართალი. დასრულდება დღევანდელი დღე და დისკრეციული უფლებით დანიშნავს მინისტრი ხათუნა ლომთაძეს. რატომ მოგვისპე, ბატონო მინისტრო, არჩევანის უფლება.? _ რიტორიკულად სვამს კითხვას სკოლის პედაგოგი რუსუდან მეგრელაძე.
თუ რას გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, ეს მალე გახდება ცნობილი.
ვრცლად ამ მოვლენებზე მასალას „გურია ნიუსი“ მალე შესთავაზებს მკითხველს.
ავტორი