სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ ფილმის „And then We Danced“ პრემიერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
სამოქალაქო პლატფორმაში შემავალ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწოფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სამოქალაქო პლატფორმაში აცხადებენ, ღონისძიებების გატარება აუცილებელია ძალადობრივი ჯგუფების მზარდი ტენდენციის წინააღდეგ, რაც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არასტანდარტულ გარემოს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უარყოფითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ.
„აღნიშნულ განცხადებებზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და სულ მცირე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის“,_ წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში აშკარაა აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება.
„წარსულში მათი აგრესიული ქმედებები არა ერთხელ გახდა მშვიდობიანი შეკრებების უკანონოდ შეზღუდვის საფუძველი (მაგალითად კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქცია, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ გამართული აქციები „სირცხვილია”, თბილისი პრაიდი და ა.შ.). ხშირია აღნიშნული ჯგუფების გააქტიურება მაშინაც, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ. სამწუხაროდ წარსულში მომხდარი არც ერთ ძალადობრივ შეკრებას ხელისუფლების მხირდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. უყურადღებოდ რჩება ასევე აღნიშნული ჯგუფების ლიდერების მოწოდებები ძალადობისკენ. ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს“. არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან. მაგალთად, შეკრების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოში პრიმავოკის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უდავოდ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს უფლებასა და მონაპოვარს, რომლითაც სარგებლობა თანაბრად უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, მათ შორის რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითი და მყისიერი საფრთხე, რომ პროტესტი გადაიზრდება ძალადობაში, ხელისუფლებას უჩნდება ლეგიტიმური საფუძველი პროპორციული ზომების გამოყენებით აღკვეთოს ასეთი ქმედებები.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს:
8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით;
გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი გუშინ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს;
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით;
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად“,_ წერია სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.