პირობა, რომ მიმდინარე წელს სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, აქციაზე შეკრებილმა ადგილობრივებმა უშუალოდ მხარის პირველი პირისგან, ზურაბ ნასარაიასგან მიიღეს.
გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მოსახლეობამ სუფსის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინაც გამართა და როგორც მაშინ ითქვა, პირველი მარტისთვის ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს გასცემდა უგზოობით და სხვა პრობლემებით გატანჯულ ადგილობრივებს. ჰოდა, წინსწრებით ეს შეხვედრა შედგა და გარკვეული დაპირებებიც გაისმა პრობლემის მოსაგვარებლად.
კერძოდ ითქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მილიონი ლარი მიიღოს და არსებული გზის გარკვეული მონაკვეთი თხელი ფენით დაასფალტოს მანამ, სანამდე გაწვდება ეს თანხა. თუმცა, შეხვედრაზე მობრძანებულმა მხარის გუბერნატორმა უფრო დიდ მასშტაბებზე გააკეთა აქცენტი და ხალხს დაპირდა, რომ გზების დეპარტამენტის თანხებით მთლიანად განხორციელდება სუფსა-წყალწმინდის ხუთ კილომეტრიანი გზის აღდგენა მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი საპროექტო თანხების მოძიება და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოების წელსვე დაწყება.
ბუნებრივია ამ დაპირებებს აქამდე არაერთხელ „გადაგდებული“ მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა და საფუძვლიანადაც _ უკვე რამდენი წელია ეს დაპირება ესმით, მაგრამ რეალურ ქმედებამდე საქმე არც მისულა.
ამავდროულად გასარკვევია ისიც, თუ კონკრეტულად რომელი მიმართულებით გაკეთდება გზა, მაშინ, როცა აქტუალური აქ ორი მიმართულებაა. კერძოდ, სუფსიდან ომფარეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც დაახლოებით 3 კმ-ია და უშუალოდ წყალწმინდის პოლიციის ძველ „ტეკამდე“ საფარის აღდგენა, რაც მთლიანობაში 8 კილომეტრია.
საგულისხმოა ისიც, რომ გზების დეპარტამენტი ითხოვს ეს გზა შიდა მნიშვნელობის სტატუსის გახდეს და ადგილობრივი ხელისუფლების სატკივარი იყოს. თავის მხრივ ადგილობრივი მთავრობა ცდილობს არსებული 5კმ-იანი მონაკვეთი ისევ ცენტრალური მნიშვნელობის დარჩეს, როგორც სარეზერვო მონაკვეთი და ამ შემთხვევაში მისი აღდგენა უკვე დეპატამენტის ვალდებულება იქნება. ამ ურთიერთჭიდილში რა გაირკვევა და როდის, ესაა მნიშვნელოვანი, თორემ მოგვადგა არჩევნები და მერე ნახეთ რა მოხდებაო _ იმუქრებიან ადგილობრივები.
„ისედაც უიმედო სოფლის მოსახლეობისთვის ერთი დამაიმედაბელი და ხელჩასაჭიდი არაფერი უთქვამთ, ისევ ტყუილები, ტყუილები და ცრუ დაპირებები. არა წყალი, არა გზა, არა განათება, არა ნაგვის ურნები და სამწუხაროდ, არაფერია იმედისმომცემი. ეს არის ხალხზე დაცინვა, მაგრამ სასაცილოები თავადვე არიან, რობოტებივით ერთსა და იმავეს რომ იმეორებენ. ტყუილსაც კი ვერ უყრიან თავს. წინ მწარე არჩევნებია, საბედისწერო არჩევნები. აჩევნები რომ მოდის მაშინ კარგად დარბიან ხმა მოგვეცითო, მაგრამ მოვა ოქტომბერი და ვნახოთ ვინ ვისთან მივა სათხოვნელად,“_ ამბობს მოსახლეობა.