ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის დირექტორად პროფესიით აგრონომი თემურ (ჭაბუკა) კოროშინაძე დანიშნეს.
კოროშინაძე, რომელსაც ხელოვნების სფეროში ამ დრომდე არ უმოღვაწია, “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციაში ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობა. მანამდე კი, ბიზნესით იყო დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გახსნილი ხელოვნების სასახლის დირექტორობა ბევრ ადამიანს სურდა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამგეობა ახალ ა(ა)იპ-საც შექმნიდა. თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმდინარე წლის იანვარში ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ხელოვნების სასახლის დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსს გამოაცხადებდა. მაგრამ კონკურსი არ შედგა _ კოროშინაძემ ეს თანამდებობა მარტივად, დაანონსებული “ხედვების და კონცეფციების წარდგენის” გარეშე დაიკავა.
კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ინფორმაციას, რომ მისი დანიშვნა “ცენტრიდან” გაკეთებულმა ზარმა განაპირობა, უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის ამ თანამდებობაზე შრომისმოყვარეობის გამო შეარჩიეს:
_ მართალია ამ სფეროში არასოდეს მიმუშავია, მაგრამ ბუნებით ვარ ხელოვანი. აგრარული უნივერსიტეტი კი დავამთავრე, მაგრამ ეს 1994 წელს იყო _ მაშინ არც კოლმეურნეობა მუშაობდა, არც სოფლის მეურნეობა იყო, რომ ჩემი პროფესიით მემუშავა, _ ამბობს კოროშინაძე.
მისივე თქმით, მენეჯმენტის საკითხებში რამდენიმე კურსი გაიარა და ახალ თანამდებობაზე მუშაობა არ გაუჭირდება:
_ მენეჯმენტის უნარი მაქვს. შემიძლია ჩამოვიყვანო კარგი მსახიობები, მომღერლები და გავაკეთო ღონისძიებები შეღავათიან ფასებში, _ გვითხრა კოროშინაძემ.
_ როგორ მოახერხეთ ასე მარტივად ამ თანამდებობის დაკავება, მაშინ, როცა კონკურსი იყო დაანონსებული? ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენი დანიშვნა “ცენტრმა” მოითხოვა…
_ არავის დაურეკავს, დედას გეფიცებით.
_ თუკი არავის დაურეკავს, თუკი ამ სფეროში გამოცდილება არ გაქვთ, როგორ დაგნიშნეს?
_ იმიტომ, რომ საქმის კეთება მიყვარს.
_ საქმის კეთება ბევრს უყვარს, მაგრამ არ ნიშნავენ ხელოვნების სასახლის დირექტორად…
_ გასაგებია, მაგრამ, ალბათ, ჩემი მონდომებით, შრომისუნარიანობით შემარჩიეს და დამნიშნეს, _ ამბობს ხელოვნების სასახლის დირექტორი, რომელმაც უკვე მოასწრო მოადგილის დანიშვნა _ ეს თანამდებობა ნინო სიხარულიძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე კულტურის ცენტრში სპეციალისტად მუშაობდა და როგორ კორიშინაძე განმარტავს, მხოლოდ მან გამოთქვა ამ თანამდებობის დაკავების სურვილი.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან გადაგვემოწმებინა და გაგვეგო, თუ რატომ არ ჩაატარეს კონკურსი დირექტორის შესარჩევად. თუმცა, გამგებელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.