1887 წლიდან გურიაში დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, ხევისთავებად ირჩევდნენ სოფლის საზოგადოების წარმომადგენელს, რომლის მოვალეობაში შედიოდა თვალყური ედევნებინა საზოგადოებრივი წესრიგისთვის, გამოევლინა ფირალები, მათი მფარველები და საქმის კურსში ჩაეყენებინა ადმინისტრაციული ორგანოები. მაგრამ ამ ინსტიტუტს საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა. “…პირველი ქურდები და გამტყავებლები ხალხისა თვითონ ეს ხევის-თავები გახდნენ თურმე; ამათ თავიანთ მფარველობის ქვეშ ჰყავდათ ქურდები და ყოველი დაკარგული ნივთისა და საქონლიდამ სარგებლობა ჰქონდათ. ამის გამოც ეს ხევის-თაობა მალევე გადააგდეს”, წერდა დროება (1897 წ. #229). იმავე წლიდან, როგორც განსაკუთრებული ზომა, შემოღებულ იქნა სალდათად გაყვანა, რამაც ამ სფეროში ხელი შეუწყო მექრთამეობის განვითარებას. აბა, რომელ გლეხს უნდოდა ოთხი წლით რუსულ არმიაში მსახური, სადაც “ასწავლიდნენ კაცის კვლას, ოჯახების აკლებას და სხვ. ამგვარებს”, (მოგზაური 1905 წ. #11) ამიტომ ყველა ღონესა და ხერხს ხმარობდნენ, რათა სამხედრო სამსახურიდან თავი დაეძვრინათ. თუმცა, ხშირად, ქრთამის მიცემა მათ არ შველოდათ და საწყლები ჯარში მაინც მიჰყავდათ.
შემდეგ დამატებით შემოიღეს “ზემსკაია სტრაჟა” – “სათემო დარაჯობა”, რომელიც კავკასიაში 1862 წლიდან არსებობდა. ეს იყო პოლიციის განყოფილებებს მიმაგრებული სპეციალური ჯგუფები, რომელიც კომპლექტებოდა კავკასიელი და რუსი მოხალისეებისაგან. მათზე იყო დაკისრებული საგუშაგო და საბადრაგო ვალდებულებანი. როგორც დროება აღნიშნავს: “…ყოველ საზოგადოებაში 15 რიგიანი, მართალი კაცი დაინიშნოს ავაზაკებისა და ბოროტების სადევნელად…”
,,სტრაჟის” შემოღებამ ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ, ხალხი უფრო შეწუხდა, რადგან არსებულ გადასახედებს “სტრაჟის” გადასახადიც შეემატა. სწორედ “ზემსკაია სტრაჟის” შესახებაა ნათქვამი ცნობილი ფირალის სისონა დარჩიასადმი მიძღვნილ ლექსში: მცველეფს დაარქვეს სტრაჟია, ღმერთმა დასწყევლოს რუსები, რა უთავბოლო ხარჯია.
ეგნატე ნინოშვილი წერდა: “…ყაჩაღების რიცხვმა იმატა და რამდენსამე დასადაც არის გაყოფილი. ჩვენში რომ იკითხო ამათი ასეთის გახელების მიზეზი, გიპასუხებენ: “იგენი” “სტრაჟების” ჯინზე შვრებიან ამ საქმესო, ყაჩაღები კიდევ ამბობენო: აბა, მოვიდენ მაგი ყაზირალები და დაგვაკლონ რამეო. მართლაც ვერაფერს დააკლებენ. ამას წინად ხუთმა ყარაულმა ერთად მიასწრეს ერთ ყაჩაღ დათუნაიშვილს მისსავე სახლში. შეტევა ვერ გაუბედეს და წავიდნენ ყველანი მთავრობის შესატყობინებლად. იქ დარაჯობა ვერ გაუბედეს: არ გამოვიდეს, არ მოგვკლასო, როცა რამდენისამე ხანს შემდეგ სახლს ჯარი შემოახვიეს, აღმოჩნდა, რომ შიგ აღარ იყო; ყაჩაღს გამოეძინა და წაბძანებულიყო ადრე ღამიან. აგიც კია სათქმელი “სტრაჟები” არც ისე მოცლილნი არიან, რომ, იმათის თქმისა არ იყოს, “ზდიონ ვინცხა გადარეულ კაძახებს ტყეში”. მთელი დღე თითქმის სულ ძილს უნდებიან. “ნეტაი ძილი არ დაჰხოცდეს მაგ საცოდავებს, თუ არა, ქურდების დაჭერას ვინ უკვეთსო”, იტყვის გურული ხშირად საყარაულოში გულაღმა წამოპარჭყულ ყარაულების გროვაზედ: ან “მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო”.
,,სტრაჟას” რომ რეალური შედეგი არ მოუტანია, ამას მოწმობს ივერია: “…ორი წლის განმავლობაში ეგრეთწოდებულის “სტრაჟის” შესანახად კომლზე 15 კაპიკს იღებდნენ. გურიაში 15 000 კომლი ითვლება და მაშასადამე ეგ “სტრაჟა”, რომელსაც თითქმის არაფერი გაუკეთებია, 4 500 მანეთი დასჯდომია გურიას. ამას გარდა ფოსტის გაძარცვისათვის გადაჰხდა 600 მანეთი, სხვადასხვა გაძარცულთა სასარგებლოდ _ 1300 მანეთი. ოთხს საზოგადოებას _ ლიხაურისას, აკეთისას, ჯუმათისას და ლანჩხუთისას “ეგზეკუცია” ჩაუყენეს. თვითეულ საზოგადოებას დაუჯდა არა ნაკლებ 3000 მანეთისა _ ესეც 12 000 მანეთი. ახლა ის მოცდენა და ზარალიც წარმოიდგინეთ და ივარაუდეთ, რომ თითქმის ყოველ ცისმარე დრეს “კანცელარიაზე” ერეკებოდნენ ხალხს: “ყრილობაა, ფირალების დაჭერის შესახებ უნდა მოილაპარაკოთო” და ადვილად შეგიძლიათ დაინახოთ ილაჯგაწყვეტა ჩვენი ხალხისა… ხოლო ის კი საეჭვო არ არის, რომ ასეთ სიმკაცრეთა უსაზღვროება, რომელსამე ღარიბ-ღატაკ გოგიელას მოთმინების საზღვარს დასდებს და ერთ მშვენიერ დღეს ისიც ფირალთა სიაში ჩაეწერება”.
როდესაც ხელისუფლება ჯარის მონაწილეობით და სხვა ღონისძიებებით ვერ ახერხებდა წესრიგის დამაყარებას, თვითონ გლეხებისაგან “საყარაულო” ჯგუფებს ქმნიდა. ამასთან, ოზურგეთის მაზრაში ოთხი საგანგებო საქმეთა მოხელე და ბოქაული დაამატეს. მათ დაემატათ 32 ყაზახ-რუსი და ამდენივე ჯარისკაცი. ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას საჭიროებისამებრ შეეძლო მოეთხოვა ცხენოსანი ჯარი, რომელსაც არასაიმედო სოფლებში ჩააყენებდნენ, მათი რჩენა რა თქმა უნდა ხალხის კისერზე გადაივლიდა, ისევე, როგორც მამასახლის ჯამაგირი 500 მანეთის ოდენობით წელიწადში, და 300-300 მანეთი მამასახლისის დამხმარეებს… სოფლის გლეხობისაგან შედგენილი ყარაულების პრაქტიკა არსებობის მერვე წელს, 1890-ში, მთავარმართებელ გოლიცინის ბრძანებით გაუქმდა.
ყაჩაღების გასანეიტრალებლად ხელისუფლება ყველანაირ ზომას მიმართავდა, ერთ-ერთი იყო ე. წ. круговая порука ანუ “ურთიერთ თავდებობა“, როგორც ივერია წერდა: “…რა ზარალიც უნდა შეემთხვას იმ სოფლის მკვიდრს, მოპარვა იქნება, თუ გაძარცვა, დაწვა, თუ სხვა, სრულიად მიეზღოს დაზარალებულს: სოფლის ყველა მკვიდრს ცალკედ და საერთოდ მთელს საზოგადოებას უნდა გადახდეს ზარალი. …მთელი საზოგადოება იქნება ვალდებული გადაიხადოს ზარალი, უფრო თვალ-ყურს იქონიებს და გაუფრთხილდება სხვის ქონებასაცა და თავისასაცა; აღარც ავს კაცს დაჰფარავს და აღარც მაბეზღრობის შიში და სირცხვილი ექმნება. იქ მაბეზღრობა აღარ იქნება, რადგან საერთო ზარალში თითონაც უდევს წილი და შიშიც არ ექმნება, რადგან დანაკარგს აუდგენენ”. ამით სარგებლობდა ბევრი მემამულე და თავადი, ისინი საკუთარ საქათმეებს, ნალიებს და სხვა ნაგებობებს ცეცხლს უკიდებდნენ, მთავრობა კი განადგურებული ქონების საფასურს ერთი ათად ახდევინებდა. იყო შემთხვევა, როცა ერთმა თავადმა ჩოხა ხეზე ჩამოკიდა, თოფი ესროლა და განაცხადა ფირალები დამესხნენო. რასაკვირველია, მსგავს შემთხვევებში ხელისუფლებისაგან გლეხების წინააღმდეგ რეაგირება ძალზედ მკაცრი იყო.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, თუ მთავარი მიზეზი არა, ფირალობის ზეობისა ის იყო, რომ ფირალები ხალხის დიდი ნაწილის თანაგრძნობით და მხარდაჭერით სარგებლობდნენ. “სჩანს, ყაჩაღის მოქმედება გულსა ფხანს ხალხს, მისი პროტესტი საზოგადოების პროტესტს უახლოვდება, _ წერდა ივერია, _ ყაჩაღის მიდრეკილება საზოგადოების მიდრეკილებას ჰგავს… (საზოგადოება) მწუხარებას, კვნესას, გოდებას და ოხვრას ყაჩაღის პირით ამცნობს ქვეყანას… საზოგადოების ტანჯვაცა და ყაჩაღიც შედეგია თვით ცხოვრების მოუწყობლობისა, უკანონობისა… სასტიკის ღონისძიებით არ მოისპობა ყაჩაღობა. ყაჩაღობას მოსპობს მხოლოდ განათლება, ცხოვრების განკარგება, ადამიანურ ვითარების შექმნა”.