თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი 3 ივნისს გამოცხადდება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა დევიზით “აღასრულე სამართალი”. არასამთავრობოებმა სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილება მოითხოვეს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა – ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს.
ამასთან, 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.