“მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება _ რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება’’ , _ ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
“ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის – ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული.
ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული.
“ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.